Accessibility links

site logo site logo

უკრაინა და ბარბაროსები


"დონბასი" ("Donbass", 2018, რეჟისორი სერგეი ლოზნიცა, გერმანია-უკრაინა-საფრანგეთი)

ჟიურის თავმჯდომარემ ბენისიო დელ ტორომ კანის კინოფესტივალის სექციაზე "განსაკუთრებული მზერით" პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადასცა სერგეი ლოზნიცას ფილმისათვის "დონბასი". ეს მოხდა 2018 წელს, როცა მსოფლიოში ჯერ კიდევ საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, რაც ხდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. არადა, ინტერნეტში იმხანად დაგროვდა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტური მასალა, რომელიც ზუსტად ასახავდა სეპარატისტთა ყოფას და, რაც მთავარია, რეალურ ომს, რომელიც უკრაინაში დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეთა გამარჯვების, "მაიდნის" შემდეგ დაიწყო.

2013 წლის მიწურულს სერგეი ლოზნიცა გერმანიიდან, სადაც 2001 წლიდან ცხოვრობს, ჩავიდა კიევში და გადაიღო უკრაინის დედაქალაქის ცენტრში მოწყობილი მანიფესტაციები, თანაც ძალიან საინტერესოდ, გრძელი სტატიკური კადრებით, რომლებიც უფრო გაცოცხლებულ ფოტოსურათებს გვაგონებენ, ვიდრე ქრონიკას. დოკუმენტურ ფილმში "მაიდანი" მან აბსოლუტურად ღიად წარმოადგინა კინემატოგრაფის საკუთარი კონცეფცია, მე ვიტყოდი, პრეტენზიაც მაქსიმალურ ობიექტურობასა და ჩაურევლობაზე. მაგრამ "მაიდანი" ეკრანებზე გამოვიდა 2014 წელს, როცა უკრაინაში დასრულდა პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობა, რის შემდეგაც რუსეთის მომხრე შეიარაღებულმა აქტივისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ადმინისტრაციული შენობების დაკავება დაიწყეს. "ანტიტერორისტული ოპერაცია" სეპარატისტების წინააღმდეგ მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებებში გადაიზარდა. ამ ომის ასახვისას სერგეი ლოზნიცა ვეღარ იქნებოდა დისტანციური დამკვირვებელი, ჩაურევლობის მომხრე არტისტის პოზაში. ლოზნიცამ ამბოხებულ რეგიონთან მიახლოება გადაწყვიტა. ამისათვის არ იყო აუცილებელი თუნდაც დონეცკში ჩასვლა და სეპარატისტებთან ერთად ცხოვრება. აკი ვამბობ, იმ დროისთვის იუტუბზე მრავლად იყო განთავსებული მოყვარულების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელთა შორის ნახავდით დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების წამებასაც კი. თუმცა სეპარატისტებს მაინც არ უნდოდათ იმის აღიარება, რომ თვითგამოცხადებულ "რესპუბლიკაში", რომელსაც მოსკოვი იარაღით ამარაგებდა, ადამიანის ელემენტარული უფლებებიც კი ირღვევა. სხვათა შორის, კონფლიქტის ამსახველ ვიდეოჩანახატებს სეპარატისტებიც ავრცელებდნენ. თუმცა პრიორიტეტული მედია მათთვის არა იმდენად სოციალური ქსელები, რამდენადაც... რუსეთის სატელევიზიო სივრცე იყო - პუტინის ტელეარხები ყოველდღიურად აღვივებდნენ ანტიუკრაინულ ისტერიკას, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო აზრის შექმნა "უკრაინულ ნაციონალიზმზე", "პროფაშისტურ ხელისუფლებაზე", "გადატრიალების გზით მოსულ მთავრობაზე" და ა.შ.

სწორედ ასეთ ვითარებაში მოეწყო სერგეი ლოზნიცას მხატვრული ფილმის "დონბასის" პრემიერა კანში. მერე რა, რომ რეჟისორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთელი ეს სურათი, 12 კინოჩანახატისგან აწყობილი ეს უნიკალური მოზაიკა, სწორედ იუტუბზე განთავსებული ვიდეოების მხატვრული ინტერპრეტაციაა და მას არაფერი მოუგონია... ლოზნიცას მაშინვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებმაც ბრალი დასდეს სწორხაზოვნებასა და ბალანსის დაუცველობაში. თუმცა ამით არ დასრულებულა "დონბასის" წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია. ცოტა ხანში რუსეთის კულტურის სამინისტრომ ფილმის ჩვენება აკრძალა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო რამდენიმე აღფრთოვანებული რეცენზია, რომლებიც კრიტიკოსებმა კანის ფესტივალის დღეებში გამოაქვეყნეს, ფილმის აკრძალვისთანავე წაიშალა რუსულ საიტებზე.

"დონბასი" ის რეალობაა, რომლის არსებობის არც ახლა სჯერათ ვიღაც-ვიღაცებს. შესაბამისად, სერგეი ლოზნიცას ტენდენციურობაში სდებენ ბრალს. თავის პოლიტიკურ კინოპამფლეტში ავტორს არ ერიდება პირდაპირ გვითხრას, რომ დიახაც, რუსეთი ოკუპანტია და უკრაინის მიწები მიტაცებული აქვს. ამას აღიარებს და იწყებს ბარბაროსობის კვლევას. არა იმდენად ამ კონკრეტული ომის, რამდენადაც სწორედაც რომ ბარბაროსობის. ცდილობს, გაერკვეს, საიდან იბადება ეს ძალადობა, რაღაც ბუნებრივია თუ ისტორიული პროცესის შედეგია? რუსული პოლიტიკის ნაწილია თუ ზოგადად, სიხარბისა და ველურობის მორიგი შეტევაა თავისუფლებაზე? ამ კითხვებს სვამს სერგეი ლოზნიცა თავის დოკუმენტურ-მხატვრულ სპექტაკლში. უფრო სწორად, სპექტაკლად ქცეულ ისტორიაში, რომელსაც ჩვენ აქაც, ისევე როგორც ლოზნიცას სხვა ფილმებს, დისტანციიდან ვუყურებთ. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟისორი კვლავაც თავისი ხელწერის ერთგულია - სეპარატისტთა ცხოვრებას გამოხატავს გრძელ, სტატიკურ კადრებში, რომლებიც თანამედროვეობის უდიდესი ოპერატორის, ოლეგ მუტუს ოსტატობით უზარმაზარ, გაშლილ სივრცეს მოიცავს. ეს დისტანცია იმიტომ იქმნება, რომ დოკუმენტური სიზუსტით ასახული ამბები ამავდროულად სრული სიგიჟეა (ლოზნიცას გროტესკული, შავი და მოღუშული იუმორი მხოლოდ აძლიერებს ამ ამბების აბსურდულობას), კაფკიანური რეალობაა, იმის წარმოდგენა, თუ როგორი შეიძლება იყოს საზოგადოება, რომელიც იხრჩობა სისასტიკეში, სიგიჟესა და კორუფციაში, როგორი შეიძლება იყოს სამყარო, სადაც ყველა ღირებულება გადმობრუნებულია, დამნაშავეები - დაუსჯელები, სადაც ტერორი, სადიზმი და დამცირება ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი.

თანამედროვე ჯოჯოხეთის სახეებს გვაცნობს სერგეი ლოზნიცა; გერმანელ ჟურნალისტს, რომელსაც ადგილობრივი მებაჟე ფაშისტების აგენტს უწოდებს, ბიუროკრატს, რომელიც ართმევს მანქანას აქაურ მოქალაქეს პატრიოტიზმის სახელით, მთელ მოსახლეობას, რომელსაც ფული გადაუხადეს იმისათვის, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში მსხვერპლის როლები ითამაშონ... ფეიკ-რეპორტაჟის ამსახველი ნოველა განსაკუთრებით მწვავეა პოლიტიკური თვალსაზრისით. ლოზნიცა გვარწუნებს, რომ არსებითად ეს ომი სწორედაც რომ ფეიკების ომია, რომელსაც რუსეთი წლებია უკვე აგრძელებს უკრაინაში და საკმაოდ წარმატებით ახერხებს დასავლური სამყაროს მოტყუებას.

"ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეები მაშინ იღვიძებენ, როცა საზოგადოება ინგრევა, როცა კანონი აღარ კანონობს და როცა მიწა ფეხქვეშ გვეცლება, როცა აღარ გვაქვს ინსტიტუტების იმედი (რომლებიც დანგრეულია) და ნუგეშს ვხედავთ მხოლოდ სულიერებაში, რომელიც თავის მხრივ ან დაგვრჩა და ან არა", - აღნიშნა სერგეი ლოზნიცამ "დონბასის" პრემიერის შემდეგ. ასე მიმართა ფილმის იმ ოპონენტებსაც, ვისაც, როგორც წესი, აღიზიანებს მისი ნატურალისტური ფორმალიზმი. ლოზნიცას მიზანია ამხილოს კონფლიქტი, რომლის ფესვები უნდა ვეძებოთ აკვიატებებში, ცრურწმენაში, განათლებისა და კულტურის დეფიციტში, ინტერესთა შეჯახებაში, სიღარიბეში, კორუფციაში, გარკვეული თვალსაზრისით - ადამიანის ბუნებაში... და, რა თქმა უნდა, მოსკოვში, თავიდანვე იარაღით რომ ეხმარებოდა სეპარატისტებს და ამუშავებდა პროპაგანდის მანქანას იმ უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც თავის ადგილს ევროპაში ხედავდა და დღესაც ხედავს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. "რადიო თავისუფლებაში" 1995 წლიდან. მუშაობს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG