Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდა მალე დიდი გავიზარდო!


ავტორი: შოთა მთიულიშვილი

(ვუძღვნი ჩემს პატარა ანგელოზ დისშვილებს, რომელთაც შესანიშნავი მშობლები ჰყავთ და ლაღი ბავშვობა აქვთ, ისეთი როგორიც, სამწუხაროდ ბევრს არ აქვს ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ, ვუძღვნი ჩემს პატარა სიხარულებს - ელისაბედს, თეკლას და ნიკოლოზ კვესელავებს)

ბავშვი - დიდი რომ ვიყო...

დიდი - რას გააკეთებდი დიდი რომ იყო?

- რას? იმას, რასაც დიდები აკეთებენ და ჩვენ, პატარებს არ გვაკეთებინებენ.

- მე რომ პატარა ვიყო...

- რატომ გინდა, პატარა რომ იყო? პატარა ხომ პატარაა, აი რა ჰქვია... ხო, სუსტია, ყველა მას ჩაგრავს, ყველას მან უნდა გაუგონოს. ბევრს გეჩხუბებიან, გატირებენ და შემდეგ ტირილსაც შენ დაგაბრალებენ. გეჩხუბებიან რომ ტირილით მათ აწუხებ, არადა მათ გატირეს. არ მოგეშვებიან, სანამ არ გატირებენ და მერე იმიტომ გატირებენ, რომ იტირე. არა პატარად ყოფნა არ ვარგა. მინდა მალე დიდი გავხდე.

- რატომ გინდა დიდი გახდე? დიდები ბევრს მუშაობენ, იღლებიან, ნაკლებს ისვენებენ, ბევრს დარდობენ, ნაკლებს თამაშობენ, ნაკლებს იცინიან, ისე კი ნაკლებსაც ტირიან… და იქნებ ამის ბრალია ყველაფერი? დიდები ნაკლებს იცინიან... აი, ბავშვები კი სულ იცინით და, რომ არა დიდები, ალბათ არც შეწყვეტდით სიცილს, მაგრამ რა ქნან დიდებმა, მათ არ შეუძლიათ თქვენი ამოდენა სიცილის, სიხარულის, ბედნიერების ატანა, ისინი ხომ ასე იშვიათად იცინიან. რაც შეეხება ტირილს. დიდებს არც ბევრი ტირილი შეუძლიათ, ისინი ბრაზს და წყენას გულში იგროვებენ, მერე გულები უსივდებათ და რომ არ გაუსკდეთ ვინმეს უნდა გაუნაწილონ ეს ბრაზი. ხშირად ისინი ბრაზს ერთმანეთს ჩუქნიან, ერთმანეთის გულებს ასიებენ და თითქოს შვებას გრძნობენ, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია, მათი გულები არ მსუბუქდება სხვისი გულების გასივებით, რადგან დიდების გული ძალიან ღრმაა სიძულვილისა და სიბრაზისათვის, მხოლოდ სიყვარულის ადგილია ცოტა.

- ჩვენ პატარები ხომ ვუყვარვართ დიდებს? მაშინ რატომ გვიშლიან სიცილს, თამაშს, გართობას და რატომ გვატირებენ ხშირად?

- კი, რა თქმა უნდა, ყველა დიდს უყვარს პატარები, მაგრამ, როდესაც გული სავსეა ბრაზით, პატარების სიყვარული გულიდან ვეღარ გამოდის, რადგან სიძულვილს ყავს დატყვევებული. ამიტომაც არის, რომ დიდებმა ჯერ უნდა გაწყენინონ პატარებს, თავიაანთი წილი ბრაზი თქვენც გიწილადონ, რათა ცოტათი მაინც იგრძნონ შვება. და როდესაც თქვენ ტირით, მათი გულიც ტირის, თითქოს თქვენ მათ მაგივრადაც ტირით, ამიტომაც არის რომ დიდებს არ შეუძლიათ თქვენი ტირილის დიდხანს ატანა, ცოტა ხნით კი, იქნებ მოეწონოთ კიდეც, მაგრამ დიდხანს ეს არ შეუძლიათ. სინამდვილეში, მათ საკუთარი ყრუდ მოტირალი გული ვერ აუტანიათ თქვენს შემხედვარე. არც ტირილი შეუძლიათ და არც ის რომ ეს უტირლობა აიტანონ. ასეა, ალბათ ვერც გამიგებ, უცნაური ხალხი ვართ დიდები, გაწყენინებთ, გულს გატკენთ, მაგრამ თუ იტირებთ, ეს ჩვენ უკვე აღარ მოგვეწონება.

- არც ჩვენ გვიყვარს ტირილი, პატარებს, მაგრამ სხვანაირად არ შეგვიძლია. ნუ გვაწყენინებთ, თუ არ გინდათ ვიტიროთ, ან, მაშინ გვასწავლეთ, როგორ შევინახოთ გულში წყენა და ტკივილი, რომ არ ვტიროდეთ ასე ხშირად?

- არა, მაგას ცხოვრება გასწავლით, თავის დროზე, სამწუხაროდ. ნეტავ შეიძლებოდეს, არასდროს გესწავლათ, მაგრამ მოგიწევთ.

- ახლა მინდა დიდი ვიყო, დიდივით შემეძლოს ბრაზის გულში შენახვა.

- მე კიდევ მინდა, პატარა ვიყო და არ ვიცოდე როგორ შევიკავო ტირილისგან თავი და როგორ გავასივო ბრაზით და წყენით გული.

- გამოდის დიდობა არც ისე კარგია?

- ხო, არც ისე კარგია.

- არც პატარობაა კარგი, მინდა... მაშინ აღარ ვიცი უკვე რა მინდა...

- არც მე ჩემო პატარა მეგობარო, არც მე ვიცი, რადგან ჩვენ, ორივეს, ცხოვრება წაგვართვეს.

- ვინ წაგვართვა?

- ჩვენ წავართვით ერთმანეთს, დიდებმა და ისევ, ჩვენვე წაგართვით თქვენც, პატარებს და მოგეცით მომავალი, რათა შემდგომ ჩვენსავით წარსულზე გეოცნებათ...

- ეჰ, მაინც მინდა მალე დიდი გავხდე...

- მეც მინდა ისევ პატარა ვიყო...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG