Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდკოვი საქართველოში არშემოშვებაზე ნიკოლოზ სამხარაძის პასუხს ეხმაურება


რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი, რომელიც 31 იანვარს საქართველოში არ შემოუშვეს, ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარს ეხმაურება.

გუდკოვი ნიკოლოზ სამხარაძეს შეახსენებს, რომ არასოდეს დაურღვევია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი და არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის დაუჭერია მხარი. იგი აღნიშნავს, რომ დეპუტატი 2011 წელს გახდა, მაშინ, როცა დუმამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.

„როგორც იქნება ვეღირსეთ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პასუხს. ალბათ, დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ვჭამო ხინკალი თავისუფლების ხიდის ფონზე და მოიფიქრეს. ვციტირებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს: მე არ შემიშვეს, რადგან ვიყავი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსეთის დუმის დეპუტატი. მეორე მიზეზი კი, რომ ნავალნიმ ქართველები შეურაცხყო 2008 წელს. ასე რომ, გპასუხობთ: აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს აღიარა. ბატონო დეპუტატო, მე დეპუტატი გავხდი 2011 წელს და 2008 წლიდან, როდესაც საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ერთხელაც არ ვყოფილვარ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო“, - ამბობს დმიტრი გუდკოვი.

ამასთან, მისი სიტყვებით, რუსი დეპუტატის, გავრილოვის მსგავსად, არ მჯდარა საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, „რომელსაც საქართველოს დეპუტატები მიესალმებოდნენ“ და მას დმიტრი გუდკოვი ჰქვია და არა ალექსეი ნავალნი.

გუდკოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს თავი მოაწონოს პუტინს, რისთვისაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაც არ კმარა, „მაგრამ ხომ შეიძლება ისეთი ტყუილები ისწავლოთ, სასაცილოდ მაინც რომ არ გამოიყრებოდეს“.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ დღეს, 3 თებერვალს, მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ნებისმიერი ადამიანის ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სტრუქტურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეციალურ შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“. თუმცა ნიკოლოზ სამხარაძემ საკითხის მისეული პოლიტიკური შეფასებაც გააკეთა.

ეს აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა გუდკოვთან დაკავშირებით, ის მანამდე იყო დუმის წევრი. იმ დუმისა, რომელმაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობაც აღიარა, ამიტომ ვერ ვხედავ მე აქ აჟიოტაჟის საფუძველს და აქვე შემიძლია ვთქვა ის, რომ ნავალნის მომხრე ოპოზიციონერების ქვეყანაში შემოშვება-არშემოშვებაზე როცა არის ხოლმე საუბარი, მე მინდა გაგახსენოთ 2008 წელს ნავალნიმ რა უწოდა ქართველებს და ამის შემდეგ მის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმართებაში მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამიტომ, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს და მე ყველას მოვუწოდებდი, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა და ასევე მედიასაშუალებებს, რომ თავდაპირველად გაითვალისწინონ ქართული და საქართველოს ინტერესები და როდესაც რომელიმე პოლიტიკოსზე ვსაუბრობთ, ჩავიხედოთ წასულში, თუ ვის რა აქვთ ნათქვამი საქართველოზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შსს-სგან მოწოდებული წერილობითი კომენტარის თანახმად, დმიტრი გუტკოვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად.

ეს მუხლი საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს განმარტავს.

“ი” ქვეპუნქტში დაკონკრეტებული არ არის უარის თქმის საფუძვლები და “საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს” მოიცავს.

შესაბამისად, კვლავ ბუნდოვანია დმიტრი გუდკოვისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის კონკრეტული მიზეზი.

რაც შეეხება რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის განცხადებას, რომელსაც ხშირად იშველიებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და რომლის თაობაზეც ნიკოლოზ სამხარაძემაც ისაუბრა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ალექსეი ნავალნი ქართველებს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ რუსეთს საქართველოზე ფრთოსანი რაკეტა უნდა დაეშინა. 2013 წელს ალექსეი ნავალნიმ, კრიტიკის საპასუხოდ, "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს თქვა:

"ვწუხვარ ჩემი არასწორი განცხადებების გამო, როდესაც ქართველები მოვიხსენიე "გრიზუნებად" (მღრღნელი), მე არასწორად მოვიქეცი და ეს იყო შეცდომა. პოლიტიკოსი ვარ და შეცდომის აღიარება შემიძლია. მაგრამ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილა. 2008 წლის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს მთავრობის ქმედებებს მოჰყვა. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი დე ფაქტო რეგიონები იყო, წლებია. ისინი არ იმართებოდნენ წლების განმავლობაში თბილისის მიერ, მათი მთავარი დამფინანსებელი/სპონსორი კი წლებია რუსეთია. მე თუ პრეზიდენტი გავხდები, რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსული ბაზები შენარჩუნდება ამ ტერიტორიებზე, მაგრამ, დარჩება თუ არა სულ, ამაზე ახლა მზად არ ვარ პასუხისთვის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს სამსჯელო და კომპლექსური საკითხებია. მაგრამ რუსეთმა ხვალ რომ შეწყვიტოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაფინანსება, რა მოხდება, რა შეიცვლება? საქართველოს დაუბრუნდებიან?"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG