Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს „კოლხი ქალი“ მოიპარეს


ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის ეზოდან კოლხური ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ფაქტი სავარაუდოდ წუხელ მოხდა. როგორც რადიო თავისუფლებას მუზეუმის დირექტორმა ანზორ ოყუჯავამ განუცხადა, მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა დღეს დილით 9-დან 10 საათამდე გეგმური შემოვლისას აღმოაჩინა, რომ ეზოში ქანდაკება არ იდგა.

მისი ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავებმა უკვე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და გრძელდება მუზეუმის თანამშრომელთა გამოკითხვა. სხვა დეტალები, თუ რა ვითარებაში შეიძლება მოეპარათ ქანდაკება, მუზეუმის დირექტორისთვის უცნობია.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას გულისხმობს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება დადიანების ეზოში, ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სიახლოვეს 2018 წელს დადგეს. ის ზუგდიდის სოფელ ცაიშში რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება.

2018 წელსვე, სკულპტურა, დადიანების ეზოში დადგმიდან რამდენიმე თვეში უცნობმა პირებმა დააზიანეს. ის აღდგენის შემდეგ იმავე ადგილზე განთავსდა.

XS
SM
MD
LG