Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი დედოფლის ტახტზე ელისაბედ მეორის ყოფნის "პლატინის იუბილეს" აღნიშნავს


ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გვირგვინის დადგმის დღეს, 1953 წლის 2 ივნისი.
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გვირგვინის დადგმის დღეს, 1953 წლის 2 ივნისი.

ზუსტად 70 წლის წინ, 1952 წლის 6 თებერვალს, ელისაბედ მეორე გახდა დედოფალი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის სხვა ქვეყნების, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და კანადის ჩათვლით.

ამ დღეს გარდაიცვალა მამამისი, მეფე ჯორჯ მეექვსე. ელისაბედი ამ დროს ბრიტანეთის მაშინდელ კოლონია კენიაში იმყოფებოდა ვიზიტად. სამშობლოში დაბრუნებისას ის დედოფალი იყო. ელისაბედ მეორე ახლა 95 წლისაა. ის სამეფოს განაგებს უკვე 70 წელიწადია. ასე ხანგრძლივად ამ ქვეყნის არცერთი მონარქი არ ყოფილა ტახტზე. მისი დედოფლობის მანძილზე გამოიცვალა 14 პრემიერ-მინისტრი, მათ შორის პირველი, უინსტონ ჩერჩილი იყო.

ამავე პერიოდში ბრიტანეთის ბევრმა კოლონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თანამეგობრობის წევრი ქვეყნები რესპუბლიკებად გამოცხადდა. თვითონ ელისაბედი არაერთი ფილმის და სერიალის გმირი გახდა, ის ბრიტანეთის ცხოვრების და კულტურის სიმბოლოა.

ტახტზე დედოფლის ყოფნის ე.წ. "პლატინის იუბილეს" აღნიშვნა რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

70-ე წლისთავთან დაკავშირებით ელისაბედ მეორემ მიმართა ბრიტანელებს წერილით და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ თბილი გრძნობებისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 70 წელიწადში ბრიტანეთმა და თანამეგობრობის სხვა წევრებმა დიდ სოციალურ, ტექნოლოგიურ და კულტურულ წინსვლას მიაღწიეს. დედოფალმა თანამემამულეებს მიმართა, რომ თავისი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის გამეფების შემდეგ, აღიარონ ჩარლზის მეორე ცოლის, კამილა პარკერ-როუზის დედოფალი-კონსორტის ტიტული.

ბი-ბი-სი წერს, რომ ადრე დედოფლის ტიტულს კორნუოლის ჰერცოგინიას არ ანიჭებდნენ ხოლმე.

„როცა დრო გავა და ჩემი ვაჟი მეფე გახდება, ვიცი, რომ მას და მის ცოლს, კამილას, ისევე ამოუდგებით მხარში, როგორც მე. გულწრფელად მსურს, რომ როცა დრო მოვა, კამილა გახდეს დედოფალი-კონსორტი და გააგრძელოს ერთგული სამსახური“, - ნათქვამია ელისაბედის მიმართვაში.

XS
SM
MD
LG