Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინისა და მოსკოვის მიზიდულობა და ჩინეთის გავლენები საქართველოში


ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი
ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი

უკრაინის საზღვრებთან არნახული სამხედრო მობილიზაციისა და დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმების ფონზე, რუსეთი ჩინეთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დემონსტრირებას ახდენს. პეკინმა გაიზიარა მოსკოვის პოზიცია ნატოს გაფართოების წინააღმდეგ და ორი ქვეყნის ლიდერებმა „მტკიცე ურთიერთდახმარების“ პირობა დადეს.  

რას ცვლის ეს მოცემულობა საქართველოსთვის, როცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის „მტრული საგარეო გავლენების“ ზრდის ტენდენციას მკვლევრები კარგა ხანია საგანგაშოდ მიიჩნევენ.

  • რაზე შეთანხმდა ორი ავტოკრატი ლიდერი და რა არის ახალი რუსეთისა და პეკინის ურთიერთობებში?
  • რა ხდება საქართველოში - სად შეაღწია ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის იდეოლოგიამ?
  • მოუწევს თუ არა საქართველოს არჩევანის გაკეთება, მათ შორის, ჩინეთთან მიმართებით?

პეკინი და მოსკოვი ერთ მხარეს?

რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ (4 თებერვალს) კმაყოფილება პეკინიდან სწრაფად გადაედო მთელ ანტიდასავლურ ფლანგს რუსეთში. რუსი ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები თუ ჟურნალისტები სიხარულით მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ ახლა რუსეთთან ერთად ჩინეთიც გამოდის და ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურაზეც ამ ორ ქვეყანას ერთნაირი ხედვა აქვს.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დაადასტურა რუსეთის პოზიციის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ ის ასახავს რუსეთის სახელმწიფოსა და რუსი ხალხის სამართლიან მოლოდინს“, - უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1“-ს პეკინში 4 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ. ოდნავ მოგვიანებით, ლიდერების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრა პეკინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა.

პეკინსა და მოსკოვს ჯერჯერობით არც ახალი სამხედრო ალიანსი შეუქმნიათ, არც ახალი ხელშეკრულება გაუფორმებიათ სამხედრო დახმარების კუთხით და, ანალიტიკოსების აზრითაც, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ჩინეთი რუსეთს, დიდი ალბათობით, მხოლოდ ეკონომიკურად წაეშველება - დასავლეთის მიერ დაპირებული მძიმე სანქციების შესამსუბუქებლად.

მაგრამ ჩინეთი ნატოს წინააღმდეგ, რუსეთის მხარდამხარ, ასე ღიად ადრე არასოდეს გამოსულა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ყურადსაღებია უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის საფრთხისა და კრემლის ულტიმატუმების ფონზე.

„ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული განცხადება ძალიან საყურადღებოა საქართველოსთვის, ჩინეთთან შემდგომ ურთიერთობებში. ეს არ არის არც შემთხვევითი და არც ერთ კონკრეტულ ვითარებაზე გათვლილი განაცხადი. ეს იქნება ჩინეთის სტრატეგიული ხაზი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ინტერესებთან... ჩინეთი რუსეთისგან განსხვავებით ხისტად და უხეშად არ მოქმედებს. მისი მთავარი რეალური იარაღია რბილი ძალა და ამის გამოვლინებაა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი.

  • „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ეკუთვნის და ის მან პირველად 2013 წელს გაახმაურა.
  • ინიციატივა მოიცავს „პოლიტიკურ კოორდინაციას, ინფრასტრუქტურის დაკავშირებას, ვაჭრობას ბარიერების გარეშე, ფინანსურ ინტეგრაციასა და ხალხთაშორის კავშირებს“.
  • „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მონაწილე თბილისი 2015 წელს გახდა.
  • ინიციატივის ფარგლებში ხელი მოეწერა და 2017 წლის მაისში ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და საქართველოს შორის.

რისთვის სჭირდება ჩინეთს „რბილი ძალის“ გამოყენება საქართველოში?

ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან, „ჩინეთის ინტერესია, რომ შეასუსტოს აშშ-ის პოზიციონირება სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში“.

„სამოქალაქო იდეის“ (Civic IDEA) ხელმძღვანელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სრულად იზიარებს დეკემბერში, მისი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, ლიეტუვის ელჩის მოსაზრებას, რომ საქართველოს „მკაფიო პოზიციის დაკავება“ არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთან მიმართებითაც მოუწევს.

ხიდაშელი ვარაუდობს, რომ ეს მომენტი შესაძლოა დადგეს გაეროში, თუკი, მაგალითად, პეკინის მიერ მასობრივად უფლებაშელახული უიღურების ანდა ტაივანში შეჭრის საკითხი სხდომის დღის წესრიგში კენჭისყრაზე დადგება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაელოდებიან - რომელ ბანაკში აღმოჩნდება საქართველო. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსთხოვენ პოზიციის გამოხატვას. არ გამოვა ისე, რომ ყველა შენი მოკავშირე ფრონტის წინა ხაზზე იდგეს და შენ სულ რაღაცეებს ეფარებოდე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი.

  • ტაივანს, რომელსაც ჩინეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვება სურს, მხარს უჭერენ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები; ხოლო ჩინეთი მას თავის ნაწილად, სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს და არ გამორიცხავს კუნძულის ძალით ოკუპაციას.
  • რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის ლიდერს 4 თებერვალს დაჰპირდა, რომ არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას.

შესაძლებელია თუ არა, ჩინეთმა ამ ფონზე აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად?

თუკი ჩინეთი ტაივანში შეიჭრება და პარტნიორების მწვავე რეაქციების ფონზე პოზიციის მკაფიოდ გამოხატვა საქართველოსაც მოუწევს, ამ უკანონო აღიარებას არც ალექსი პეტრიაშვილი გამორიცხავს. თუმცა ის მაინც იმედს იტოვებს, რომ თავადაც ტერიტორიული დავების მქონე ჩინეთი არ გადადგამს მისთვის წაგებიან ნაბიჯს.

ზოგადად, პეკინისა და მოსკოვის კავშირს ანალიტიკოსები მაინც მყიფესა და სიტუაციურს უწოდებენ, რადგან რუსეთსა და ჩინეთს ერთმანეთშიც ბევრი რამ აქვთ გასაყოფი - იქნება ეს ზეგავლენები ცენტრალურ აზიაში, ჩინეთის მკვეთრად მზარდი გავლენები ციმბირში თუ ის ფაქტი, რომ ჩინეთი აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ დემოკრატიული სამყარო ზუსტად ვერასდროს განსაზღვრავს, რა შეიძლება მოუვიდეთ თავში და რა განზრახვების გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ ორი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერები.

მკვლევრების შეფასებით, ჩინეთისა და რუსეთის არაპროგნოზირებადი დაახლოების მორიგ ეტაპზე, საქართველოშიც ჩინეთის იდეოლოგიური თუ ეკონომიკური ზეგავლენა გაძლიერებულია და ამაზე მრავალი ფაქტი მიუთითებს.

ჩინეთის ხელი საქართველოში

ჩინეთის მიერ საქართველოში წარმართულ „სრულმასშტაბიან იდეოლოგიურ ოპერაციაზე“, უკვე სამი წელია, აქტიურად წერს და ლაპარაკობს თინა ხიდაშელის „სამოქალაქო იდეა“ (Civic IDEA).

ჩინეთის მრავალმხრივი ზეგავლენების თემაზე ორგანიზაციამ 8 სპეციალური ანგარიში და კიდევ არაერთი სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

კვლევათა ავტორების დაკვირვებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და „სახალხო განმათავისუფლებელი არმიის“ (PLA - ჩინეთის შეიარაღებული ძალები) რბილი ძალა საქართველოში ჯერ კიდევ 2020 წელს შევიდა ყველაზე პრობლემურ (მესამე) ფაზაში - რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის იდეოლოგია თავისუფლად აღწევს მიზნებს და მას ეჭვის თვალითაც აღარ უყურებენ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებაში, ბიზნესსივრცესა თუ საგანმანათლებლო სფეროში.

დამახინჯებული ხედვის საფრთხე

„ის, რაზეც დღეს მთელი მსოფლიო განსაკუთრებით წუხს, ეს არის საუნივერსიტეტო სივრცე, რომელიც განიხილება პლაცდარმად განსაკუთრებით „განმათავისუფლებელი არმიისთვის". მაშინ, როცა მთელ ცივილიზებულ სამყაროში ხურავენ კონფუცის ინსტიტუტებს, ჩვენ ვხსნით.

ასევე წყვეტენ გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისთვის, ხოლო ჩვენთან უნივერსიტეტები ხელშეკრულებებს ხელშეკრულებებზე დებენ... უამრავი მტკიცებულება გაჩნდა წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან, რომ გაცვლითი პროგრამები წარმოადგენენ ჩინეთის სადაზვერვო ოპერაციის ნაწილს და პირდაპირ ემსახურებიან უსაფრთხოების ამოცანებს“, - გვეუბნება თინა ხიდაშელი.

განათლების ხარისხსა და სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებზე „სამოქალაქო იდეას” განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან უპასუხეს, რომ მათ არ გაუციათ ოფიციალური ავტორიზაცია და, შესაბამისად, ჩინური ცენტრების საქმიანობა მათ კონტროლს არ ექვემდებარება.

კიდევ უფრო უკონტროლოა სწავლების პროცესი გაცვლითი პროგრამების დროს. „სამოქალაქო იდეა” შიშობს, რომ 10 წელიწადში საქართველოში სულ უფრო მეტი იქნება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომელთა ხედვაც ჩამოყალიბებული იქნება „ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაერთიანებული ფრონტის შესაბამის განყოფილებებში კარგად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების“ მიხედვით.

თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი თანამშრომლობს ჩინეთის თავდაცვის სფეროს დაქვემდებარებაში მოქმედ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ამერიკულმა მხარემ „ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მატარებელი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა“.

საეჭვო რეპუტაცია და ხელისუფლება

„სამოქალაქო იდეის“ ანგარიშების თანახმად, საქართველოში უპრობლემოდ დამკვიდრდნენ ჩინური კომპანიები, რომლებიც ამერიკის, სხვა დასავლური ქვეყნებისა თუ ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა) ე.წ. შავ სიებში არიან მოხვედრილი.

ასეთი იყო, მაგალითად, „CEFC ევრო-აზიური“, რომელსაც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი 2017 წელს გადაეცა, მაგრამ ისე სწრაფად გაკოტრდა და გაქრა, რომ 150-მილიონდოლარიანი ინვესტიციის განხორციელება ვეღარ მოასწრო. მის მემკვიდრე კომპანიას კი, რომელთანაც საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დაკავშირებული, ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ, პირველი ნაწილის - 50 მილიონის გადახდის ვადა 4 წლით გადაუწია.

CEFC-ი და მისი კომპანიები შანხაის სასამართლომ გაკოტრებულად 2020 წლის აპრილში გამოაცხადა. „სამოქალაქო იდეის“ ანგარიშის მიხედვით:

  • „CEFC ევრო-აზიურის“ აქტივები სამართავად 2018 წლიდან გადაიბარა კომპანიამ „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი“, რომლის საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელად დასახელდა „ბრაითსთოუნ ფაინანს ლიმითიდი”.
  • ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობით რეგისტრირებული „ბრაითსთოუნ ფაინანს ლიმითიდი”, 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული პანდორას დოკუმენტებით, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა;
  • „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დასახელებული იყო ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი - ვანო ჩხარტიშვილი.
  • 2018 წლის თებერვლიდან, მთავრობაში დაბრუნებამდე, „ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა იმ ხანად ექსპრემიერი, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ წილების გადანაწილების პროცესში სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელი და არაადეკვატური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და იგნორირებულ იქნა ის ფაქტი, რომ CEFC-ი გაკოტრდა.

შეუსრულებელი დარჩა დაპირება ჩინური CEFC China Energy Company Limited-ისა და კომპანია Eurasian Invest LLC-ის მიერ დაანონსებული 1-მილიარდიანი კაპიტალის მქონე ჩინური ბანკის საქართველოს საკეთილდღეოდ ამოქმედების შესახებ.

ვიდრე ეს კომპანია საქართველოში შემოვიდოდა, „როიტერსი“ პეკინიდან იტყობინებოდა, რომ CEFC-მ „როსნეფტის“ 14.2%-იანი წილის ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ ამ მოცულობის ინვესტირების პროცესში მთავრობა იქნებოდა ჩარეული.

როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ჩინური კომპანიებისთვის არანაირი ფილტრი არ მოქმედებს და ისინი საქმიანობას იწყებენ თავისუფლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

უსაფრთხოების რისკები

CEFC-ის გარდა, „სამოქალაქო იდეის“ ანგარიშები შეეხება საქართველოში სხვადასხვა დროიდან მოქმედ სხვა კომპანიებს (Sinohydro, Motor Sich, Nuctech თუ CRBC), რომლებიც, მკვლევრების თვალსაზრისით, ზოგ შემთხვევაში, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებენ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებსაც.

მაგალითად, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელ, უკრაინაში დაფუძნებულ უმსხვილეს კომპანია Motor Sich-თან საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანამშრომლობის ახალი ეტაპის შესახებ 2021 წლის იანვარში გამოაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს.

კერძოდ, უწყებამ 22 იანვარს განაცხადა, რომ ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს უკრაინულ კომპანია Motor Sich-ს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და სს „თბილავიამშენს“ შორის.

იქვე აღნიშნულია, რომ ამ კომპანიას იმ დროისთვის უკვე ჰქონდა დაწყებული მუშაობა „თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე“.

„სამოქალაქო იდეის“ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის შემდეგ, რაც Motor Sich-ის აქციების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩინური კომპანიის ხელში მოხვდა, Motor Sich-ი „მუდმივად გამოძიების, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან შესწავლისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღების ცენტრში მოექცა“.

მკვლევრებმა ვერ მოიძიეს 2021 წლის იანვრამდე გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, Motor Sich-ს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა თავდაცვის სისტემაში და, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ქართულმა მხარემ მანამდე შეგნებულად არ გაასაჯაროვა ინფორმაცია შელახული რეპუტაციის მქონე კომპანიასთან თანამშრომლობის შესახებ.

სავარაუდო უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სახელმწიფო ჩინური კომპანიის - Nuctech Company Ltd-ის შესახებ ინფორმაცია მოხვედრილია ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის „ევროპულ ფასეულობათა ცენტრის“ ანგარიშში, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის შედგენილი და მათ შორის არის „სამოქალაქო იდეაც“.

ამ კომპანიას „იდეა“ ცალკე უძღვნის რიგით მეექვსე ანგარიშს.

ტექსტის თანახმად, Nuctech company limited-ს სტრატეგიულ ინდუსტრიებზე წვდომას უზღუდავს ამერიკის შეერთებული შტატები და აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციას 2014 წლიდან აკრძალული აქვს Nuctech–ის დანადგარების შესყიდვა.

2012 წელს, შემოსავლების სამსახურმა Nuctech Company Limited-ისგან ყაზბეგისა და წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტებისთვის რენტგენული შემოწმების სისტემები გამარტივებული შესყიდვის წესით შეიძინა და, როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაშია აღნიშნული, პროცესს თან ახლდა „აუხსნელი“ გარემოებები შესასყიდ ფასებთან დაკავშირებით. „საბოლოო ჯამში, 215 368 აშშ დოლარით მეტი თანხა გადაიხადა სახელმწიფომ“, - წერს „სამოქალაქო იდეა“.

„ეს კომპანია [Nuctech], აშშ-ის გარდა, აკრძალულია სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის - კანადასა და ჰოლანდიაში. ეს იმიტომ, რომ ისინი მხილებული არიან მათ მიერ საზღვრებზე დამონტაჟებული ტექნოლოგიების სადაზვერვო მიზნებით გამოყენებაში.

ვიღაცამ შეიძლება თქვას - რაში სჭირდებათ საქართველოში სადაზვერვო ოპერაცია ჩინელებს და შეიძლება რაღაც ნაწილში დავეთანხმოთ კიდეც ახლა, ამ წუთას; მაგრამ ასე არ ეწყობა ქვეყნის უსაფრთხოება, რომ ამ წუთას თუ არ არსებობს საფრთხე, რასაც გინდა, გააკეთებ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი.

Ifact-ის ცნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა 2012 წლის შემდეგ, ამ კომპანიას 10 ხელშეკრულება გაუფორმა, ჯამში, 39 მილიონი ლარის ოდენობით და ათიდან ცხრა შემთხვევაში გარიგება პირდაპირ, კონკურსის გამოცხადების გარეშე შედგა.

ტენდერის სხვა მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ საკონკურსო პირობები სწორედ Nuctech Company Limited-ზე იყო მორგებული. ასეთი პრეტენზიები კვლევებში სხვა კომპანიებთან მიმართებითაც იკვეთება.

რა ხდება ბათუმში?

სექტემბერში, როცა „სამოქალაქო იდეა“, კონფერენციის ჩასატარებლად, ბათუმში სასტუმროს დაჯავშნას ცდილობდა და ძალიან გაუჭირდა, ძებნის პროცესში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი მთლიანად იყო დაჯავშნილი და სტუმრებს აღარ იღებდა.

„სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია, ტურისტული მიზნებით არ არის ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი – არაბული ქვეყნებიდან“, - წერია ორგანიზაციის მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დეკემბერ-იანვარში პოლიტიკურმა პარტიებმა, ექსპერტებმა თუ მედიასაშუალებებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე წამოწყებული მასშტაბური უკანონო მშენებლობის შესახებ, რომელიც ბათუმში მოღვაწე თურქი ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირდება.

უკანონო მშენებლობა ბათუმში
უკანონო მშენებლობა ბათუმში

8 თებერვალს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ „დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მშენებლობა შეჩერდა“.

ამ დასახლებას ადგილობრივებმა „ჩინელების დასახლება“ დაარქვეს, რადგან აქვთ მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან, ამ კორპუსებში ჩინეთის მოქალაქეებს შეასახლებენ.

გამოცემა „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ „გოგოლის ქუჩის 11ბ-ში, რეგისტრირებულია რამდენიმე კომპანია, რომელთა მესაკუთრე/დირექტორი ასევე ფლობს ერთ-ერთ კომპანიას სახელწოდებით „ჭენჭი“... და სწორედ „ჭენჭის“ ერთ-ერთი სასტუმროს [„პრაიმ ჰოტელი“] სეიფში აღმოაჩინა პოლიციამ ჩხრეკის შედეგად [ნოემბერში] ჩინეთის 38 მოქალაქის პასპორტები“.

„ბათუმელების“ ცნობით, კომპანია „ჭენჭს“ ერთი მესაკუთრე ჰყავს - ფილიპინების მოქალაქე მაიკლ ოზაეტა; კომპანია ბათუმში 2021 წლის ივლისშია დაფუძნებული; ოზეტა „წილებს ფლობს ან/და დირექტორია დაახლოებით 18 კომპანიის, რომელთა უმეტესობაში პარტნიორები არიან ჩინეთის მოქალაქეები“.

უკანონო მშენებლობა ბათუმში
უკანონო მშენებლობა ბათუმში

აჭარის პოლიციის დეპარტამენტში ტრეფიკინგის მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში გამოკითხული პირები, „ბათუმელების“ ცნობით, აღნიშნავენ მათ შორის იმასაც, რომ - დუბაისა და უკრაინის გავლით შემოიყვანეს საქართველოში და შემდეგ პასპორტები ჩამოართვეს. აღინიშნება, რომ პროცესი, ძირითადად, ჩინელების მიერ არის მართული.

3 თებერვალს, BM.ge-სთვის მიწოდებულ განცხადებაში, მშენებელი კომპანია „მეტრო ტერმინალი“ აცხადებს, რომ რადგან 2021 წლის მოწვევის საკრებულოსთან ახალი პროექტის შეთანხმება ვერ მოხერხდა, მან ასეთი ნაბიჯი ქვეყნისთვის 250 მილიონი დოლარის ინვესტიციის შენარჩუნების სურვილით გადადგა.

კომპანია აცხადებს, რომ ტექნოპარკს აშენებს.

რას იგებს საქართველო?

2020 წლით დათარიღებულ კიდევ ერთ კვლევაში („ჩინეთის ფაქტორი ქართულ ეკონომიკაში“) აღნიშნულია, რომ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივა ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალ გამოწვევებსაც წარმოშობს.

„მნიშვნელოვანია საქართველომ სათავისოდ გამოიყენოს და მაქსიმალურად ინტეგრირდეს მიმდინარე თუ სამომავლო პროექტებში, რომლებიც მის სტრატეგიულ პარტნიორებს არ გაანაწყენებს, პირველ რიგში კი - ამერიკის შეერთებულ შტატებს“, - წერია კვლევაში, რომლის ერთ-ერთი ავტორი თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძეა.

ექსპერტი ამბობს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები რისკებს მოიცავს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ „კავშირი უნდა გაწყდეს“.

„თუკი მხოლოდ რისკებს დავითვლით, ყველა ქვეყნის კომპანიებს შეიძლება თან მოჰყვეს რისკები და მათ შორის - თურქეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში [რომლებიც ასევე ჩართული არიან მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში]... რისკებს დათვლა სჭირდება. საქართველომ თავისი ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე უნდა იფიქროს“, - ეუბნება ანგურიძე რადიო თავისუფლებას.

თინა ხიდაშელი კი საყურადღებოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინურ კომპანიებს თავად არ შემოაქვთ ინვესტიციები საქართველოში. ასეთ პროექტებზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა გზით და მათ შორის - სესხად მიღებული ფული იხარჯება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა შთამბეჭდავი არ არის. ჩინეთში საქართველოს საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით:

  • 2002 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, 18 წლის განმავლობაში, განხორციელებულია 705.09 მლნ დოლარის ინვესტიცია.
  • 2015-დან 2020 წლის ჩათვლით პირდაპირი ინვესტიციები მხოლოდ 237.18 მილიონ დოლარს შეადგენს.
  • 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სულ დარეგისტრირებული იყო (აქტიური სტატუსის) 204 კომპანია - ჩინური კაპიტალის მონაწილეობით.

ყველაზე მსხვილი ინვესტორია მრავალმხრივი პროფილის „ჰუალინგ ჯგუფი“. როგორც კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, საქართველოში ინვესტირება მან 2007 წელს დაიწყო და ინვესტიციის მოცულობა, ჯამში, 500 მლნ დოლარს შეადგენს.

„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის პირობებში გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის და მაჩვენებელმა 2018 წელს პირველად გადააჭარბა მილიარდ დოლარს; ხოლო 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, ზრდა გაგრძელდა 1 186 335 000 დოლარამდე. ჩინეთიდან იმპორტი ბევრად აღემატება საქართველოდან ექსპორტს.

2020 წლის ეკონომიკურ კვლევაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მიუხედავად, „ქართული კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე შეღწევა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG