არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, ოპოზიციის დეპუტატებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისგან თავის შეკავების შესახებ, გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა.
„კარგი იქნებოდა, როცა პარლამენტი შეიკრიბა, მაშინ ყოფილიყო მათი მოწოდება ყველა დეპუტატისთვის, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, რასაც აკეთებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მაშინ ვიტყოდი, რომ ობიექტურად მსჯელობენ და აზროვნებენ, ახლა ვერ მივიღებ, დააგვიანეთ-თქო და თქვენი რჩევები თქვენთვის შეინახეთ-თქო, გადაეცით“, - განაცხადა ზარქუამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შეაფასა „ლეიბორისტული პარტიის" გადაწყვეტილება საპარლამენტო ოფისის გახსნის შესახებ.
„შალვას გადაეცით, რომ ოფისი კი არა, კაბინეტი ჰქონდა და ახლაც აქვს, სამშაბათს სესიაზე გადაწყდება შეუწყდება თუ არა უფლებამოსილება. არანაირი ზედმეტი ოფისების გახსნა... ნუ აფერისტობს, ახლაც აქვს კაბინეტი, სადაც არის აბრა გამოკრული ისევე, როგორც ყველა დეპუტატს ჰქონდა პირველივე დღიდან კაბინეტი, სადაც ერთი დღეც არ შესულა," - თქვა ირაკლი ზარქუამ.
არასამთავრობო ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტის დასუსტებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ამ ორგანიზაციების მიერ დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ეხება სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევიდან დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დაწყება გადაწყვიტა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ამასთან, პარლამენტში უკვე დაწყებულია პროცედურა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად.
7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილისთვის, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის და ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ნათელაშვილის და ხოშტარიას შემთხვევაში საფუძვლად დასახელებულია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს დეპუტატის მიერ არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში.