Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Economist Intelligence Unit-ის თანახმად, მსოფლიოში გრძელდება დემოკრატიის უკუსვლა


ბრიტანეთის კვლევითმა ცენტრმა Economist Intelligence Unit-მა გამოაქვეყნა დემოკრატიის ყოველწლიური ინდექსი, რომელშიც განსაზღვრულია მსოფლიოს 167 ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დონე 2021 წელს.

დოკუმენტის თანახმად, მსოფლიოში კვლავაც გრძელდებოდა დემოკრატიის ხარისხის ვარდნა.

„დემოკრატიის ინდექსის“ მიხედვით, რუსეთი დარჩა „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში. მასში გაერთიანებული არიან ქვეყნები, რომლებშიც დემოკრატიის ყველაზე დაბალი დონეა. რუსეთი 167 ქვეყანას შორის 124-ე ადგილზეა. მისი მაჩვენებელი გაუარესდა 2020 წელთან შედარებით, ვინაიდან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, „ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა გააძლიერა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები და მედიასა და დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე ზეწოლა“. ნახსენებია ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონი.

„დემოკრატიის ინდექსის“ შეფასებისთვის გამოიყენება ხუთი კატეგორია: დემოკრატიული საარჩევნო პროცესი, ხელისუფლების საქმიანობა, მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლებები.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთზე უარესი რეიტინგი აქვთ ყაზახეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, თურქმენეთსა და ტაჯიკეთს. უკანასკნელ ადგილზეა ავღანეთი, სადაც შარშან ხელისუფლების სათავეში მოვიდა თალიბანი.

ყირგიზეთი „ჰიბრიდული რეჟიმების“ კატეგორიიდან გადავიდა „ავტორიტარული რეჟიმების“ კატეგორიაში, მაგრამ მაინც რუსეთზე მაღლაა რეიტინგში.

საქართველოს ქულა 5,31-დან 5,12-მდე შემცირდა, თუმცა ინდექსში ის 2020 წლის მსგავსად 91-ე ადგილზეა და შედის „ჰიბრიდულ რეჟიმებში“, სადაც ავტორიტარული და დემოკრატიული ელემენტების შეხამებაა. ამავე კატეგორიაში არიან უკრაინა და სომხეთიც.

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის (ბალტიის ქვეყნების გამოკლებით) ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს მოლდოვას. ის შეყვანილია „არასრულყოფილი დემოკრატიების“ კატეგორიაში.

მთლიანობაში, ინდექსის ავტორთა თანახმად, მსოფლიოში მხოლოდ 21 ქვეყანა შეიძლება ჩაითვალოს სრულფასოვან დემოკრატიად, კიდევ 53 ქვეყანა შედის „არასრულყოფილი დემოკრატიების“ კატეგორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG