10 თებერვალს ციმბირის საოლქო სამხედრო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი სამი მოზარდის მიმართ, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ძალიან „იშვიათი“ მუხლით - „მომზადების გავლა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით“.
ქალაქ კანსკის მცხოვრებ 16 წლის ნიკიტა უვაროვს სასამართლომ 5 წლით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დანარჩენი ორი ბრალდებული, ბოგდან ანდრეევი და დენის მიხაილენკო გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან.
გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნიკიტა უვაროვსა და მის ორ მეგობარს, ბოგდან ანდრეევსა და დენის მიხაილენკოს, ამოძრავებდათ სურვილი, რომ კომპიუტერულ თამაშ „მაინკრაფტში“ აეგოთ და დაენგრიათ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის შენობა.
უვაროვი და მისი ორი ამხანაგი პოლიციამ 2020 წლის შემოდგომაზე დააკავა, როდესაც ისინი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, აზატ მიფტახანოვის მხარდასაჭერად აკრავდნენ პროკლამაციებს. სასამართლომ მიფტახანოვს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე. ერთ-ერთი პროკლამაცია მოზარდებმა კანსკის უშიშროების საქალაქო სამსახურის შენობაზე გააკრეს.
ეჭვმიტანილ სკოლის მოწაფეთა მიმოწერის შემოწმების შემდეგ, გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ მოზარდებს სურდათ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის აგება კომპიუტერულ თამაშ „მაინკრაფტში“ და მისი განადგურება. გამოძიებამ მტკიცებულებად მიიღო მეგობრების მიმოწერაში ეფესბეს ორგანოთა კრიტიკა, აკრძალული ლიტერატურის კითხვა და ასაფეთქებელი პეტარდების მომზადება და მიტოვებულ შენობებში პიროტექნიკის გამოყენება.
ორმა მოზარდმა „მუქარის და ზეწოლის“ ქვეშ დანაშაული აღიარა, რის შედეგადაც ორივე გაათავისუფლეს საპატიმროდან და შინაპატიმრობაში დატოვეს.
ნიკიტა უვაროვმა კი უარი თქვა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და პატიმრობაში 11 თვე გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, შარშან მაისში, მან შეძლო 9 კლასის დასრულება და პოლიტექნიკურ კოლეჯში ჩაბარება, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდებოდა.
9 თებერვალს უვაროვმა სასამართლოზე წარმოთქვა ბოლო სიტყვა, რომელშიც მან „გამოგონილი“ უწოდა საქმეში მთავარ მოწმესთან მიმოწერის ნაწილს და ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო იზოლატორის ოპერატიული თანამშრომლები მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
დაწერეთ კომენტარი