Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა.

„გვინდა, განვმარტოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.

პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია „გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ტერიტორიაზე არსებულ მონასტერში სასულიერო პირების დაინფიცირების საკითხის შესახებ საპატრიარქო განმარტავს, რომ რამდენიმე მონაზონს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მონასტერი იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია პატრიარქის რეზიდენცია.

რაც შეეხება ამჟამად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მისი პირადი ექიმის, ცისანა შარტავას თქმით: „იგი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს".

საპატრიარქო მიუთითებს, რომ დამაკმაყოფილებელია საპატრიარქოს მონასტერში მყოფი მონაზვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც და რამდენიმე დღეში მათი იზოლაციის პერიოდიც დასრულდება.

პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა „მთავარ არხს" უთხრა, რომ საპატრიარქოში „კარანტინი გამოცხადდა, რაც "ომიკრონის" ვირუსი ძალიან აქტუალური გახდა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG