Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიკ სალივანი: აშშ სადაზვერვო მონაცემებს აქვეყნებს, რათა შეაჩეროს ომის დაწყება


ჯეიკ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.
ჯეიკ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.

„ჩვენი თვალსაზრისი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვაპირებთ რუსეთს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოაწყოს სიურპრიზი და ბრალი დასდოს უკრაინას ან მსოფლიოს. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამ ინფორმაციას ფართოდ ვავრცელებთ. ეს არის ის, რაც უკვე გავაკეთეთ და რის გაკეთებასაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა სალივანმა კვირას, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

მისი სიტყვებით, უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა და მისი მანევრები აშკარას ხდის მასშტაბური სამხედრო მოქმედებების უახლოეს ხანში, მათ შორის ოლიმპიადის დასრულებამდე, 20 თებერვლამდე, დაწყების შესაძლებლობას.

რეალური საფრთხის შესახებ ამ განცხადების პარალელურად დასავლეთის მედია, Reuters-ის სააგენტო და Washington Post-ი, ამერიკის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით კვირის დასაწყისში წერდნენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან თავი მოუყარა ქვეყანაში შეჭრისთვის საჭირო ძალთა რაოდენობის 70 პროცენტს.

რუსეთი განაგრძობს სამხედრო ტექნიკის გადასროლას უკრაინის საზღვრის მახლობლად, - ამის შესახებ 13 თებერვალს ინფორმაცია გაავრცელა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Intelligence Team-მა (CIT), რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების შესწავლის შემდეგ.

კერძოდ CIT-ის თანახმად, ვორონეჟთან მდებარე სამხედრო პოლიგონიდან უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა რუსეთის პირველი გვარდიული სატანკო არმია. მანამდე დეკემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ არმიის ტექნიკა ვორონეჟის სამხრეთით პოგონოვოს პოლიგონზე დაბანაკდა.

დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ეს სამხედრო აქტიურობა არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთი მორიგი ინტერვენციის დაწყებას ითვალისწინებს.

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.

ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა.

XS
SM
MD
LG