Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მხარდაჭერის მიზნით კიევს ეწვევიან


ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში ჩავლენ, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის თაობაზე გავრცელებული ცნობების ფონზე.
კიევში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„ჩვენ წინასწარ მოვილაპარაკეთ ჩვენს კოლეგებთან ბალტიის ქვეყნებიდან და ჯერჯერობით დადასტურდა უახლოეს ხანში ჩვენი შესაძლო ვიზიტი“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების ასეთ ერთობლივ ვიზიტს თუ ნატოსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეუერთდებიან, ეს იქნებოდა „ძალიან ძლიერი სიგნალი“, ხოლო ასეთი „დიპლომატიური ფარი“ მოგვცემდა შესაძლებლობას, მოგვეგო დრო და გადაგვევადებინა რუსეთის თავდასხმა, თუ ასეთი რამ მართლა იგეგმება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვის საელჩო უახლოეს ხანში არ აპირებს კიევიდან ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადასვლას, რუსეთის შესაძლო ინტერვენციის საფრთხის გამო.

გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას.

დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ ეს სამხედრო აქტიურობა არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ინტერვენციის დაწყებას ითვალისწინებს.

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს, დატოვონ უკრაინა. მისი თქმით, ეს აუცილებელია რუსეთის მხრიდან ომის დაწყების საფრთხის გამო. „მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ბაიდენმა 10 თებერვალს NBC News-თან საუბრისას.

ამის შემდეგ რამდენიმე სახელმწიფომ ერთდროულად დაიწყო უკრაინიდან თავისი ქვეყნის მოქალაქეების გაყვანა ან მოუწოდა მათ, დატოვონ ქვეყანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG