Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანე ჩხაიძე: არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულია


ივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ხელისშემშლელ ისეთ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორებიცაა „ომიკრონით“ პანდემიის მოსალოდნელი დასრულება და პოპულაციური იმუნიტეტის გადატანილი დაავადების ხარჯზე გამომუშავება. მისი თქმით, ინფიცირებულის გარდაცვალებისგან თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის ვაქცინაცია და არა გადატანილი ინფექცია.

„მე არ მინდა, რომ ისეთი შთაბეჭდილება და ისეთი დამოკიდებულება იყოს ქვეყანაში, რომ „ომიკრონი“ არის პანდემიის დასასრული, ჩვენ გავძლებთ რამდენიმე კვირას, მარტში იქნება თუ აპრილში ყველაფერი დამთავრდება და ამით დასრულდება პანდემია საქართველოში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ იცის, რა შეიძლება იყოს ვირუსის შემდეგი მუტაცია. მისივე თქმით, ასევე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა ბუნებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისა და რეინფიცირების საკითხებთან დაკავშირებით:

„აქ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი და ჯერჯერობით საბოლოოდ პასუხგაუცემელი აზრია, თუნდაც ის, რომ თუ თქვენ გადაიტანეთ კორონავირუსი, ამის შემდეგ აღარ დაინფიცირდებით და ეს დაგიცავთ. ამისი არასწორი შეფასების ერთ-ერთი დამადასტურებელია ეხლა უამრავი რეინფიცირების მაგალითი „ომიკრონის“ ფონზე - „დელტა“ გადატანილი პაციენტებისთვის არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში „ომიკრონით“ ინფიცირება დიდ სირთულეს, პირიქით. ამიტომ იმისი იმედი, რომ ჩვენ გვქონდა და მხოლოდ ასე, ბუნებრივი იმუნიტეტით, გადატანილი დაავადებით მივაღწევთ საბოლოო მიზანს, არის არასწორი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ, რომლის შეფასებითაც, ვაქცინაციაზე ხელაღებით უარი და თქმა იმისა, რომ ვაქცინა არ გვჭირდება, ასევე არასწორია, მათ შორის იმის განმარტებით, რომ აცრილი ვიყავი, მაგრამ მაინც დავინფიცირდიო. ივანე ჩხაიძე აბობს, რომ ინფიცირებულის გარდაცვალებისგან თავის დაცვის რეალური შესაძლებლობა არის ვაქცინაცია და არა გადატანილი ინფექცია.

„დიახ, შეიძლება გაიკეთოთ ვაქცინა და დაინფიცირდეთ, მაგრამ ვაქცინაციას მეორე და მთავარი მიზანი აქვს, არ მოხვდეთ საავადმყოფოში და დაგიცვათ სიკვდილისაგან. ეს არავის არ წაურთმევია ვაქცინისთვის... პირიქით, საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე შემთხვევის, გართულებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან და გარდაცვალებისაგან თავის დაცვის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა არის ვაქცინაცია და არა გადატანილი ინფექცია. ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა და ხაზი გავუსვა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ 15 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აღირიცხა კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი. თუმცა, ამ სტატისტიკაში შესულია წინა დღის მონაცემებიც, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ვერ აისახა, პორტალის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო. არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოსპიტლებში მყოფი 6000 პაციენტიდან, დაახლოებით 95% აუცრელია.

ოფიციალური სტატისტიკით, 15 თებერვლის დილისთვის, საერთო ჯამში, 176 019 აქტიური შემთხვევაა. მათგან სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 6 017 პაციენტი. მძიმე მდგომარეობა აქვს 1 306-ს, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 480 841 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 628 ადამიანი.

XS
SM
MD
LG