Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგაზიძე უკრაინის კრიზისზე: საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს გაანალიზებული მოვლენათა განვითარების ალტერნატიული სცენარები


ხათუნა ლაგაზიძე
ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ უკრაინის კრიზისის ფონზე საქართველოს პერსპექტივის შეფასებისას აღნიშნავს, რომ ხელისუფლების პასიურობა თუ აქტიურობა არ ათავისუფლებს ოპოზიციასა და ექსპერტულ წრეებს იმისგან, რომ აღნიშნულ საკითხზე მათ თავიანთი შემხვედრი ხედვები და პოლიტიკა ჰქონდეთ. ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა მომზადდეს ერთიანი ხედვა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების თავდაცვის პოლიტიკა „სიჩუმეზე გადის“:

„აუცილებელია ის რესურსი, ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ამ ქვეყანას ჰყავს, თავდაცვის სფეროს, უსაფრთხოების სფეროს, საგარეო სფეროს ექსპერტების მონაწილეობით, იმ ორგანიზაციების, რომლებიც აქტიურად მუშაობენ რუსული საინფორმაციო ომის კონკრეტული ფაქტების გამოვლენაზე (და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოა ასევე ნაწარმოები), ეთნოფსიქოლოგების ჩართვით, საზოგადოებასთან ურთიერთობის, სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტების ჩართვით ერთი დიდი ხედვა უნდა დაიდოს, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ხედვებს. ყოველ შემთხვევაში, აქტივობის დონეზე ჩანს, რომ მათი პოლიტიკა, ამ შემთხვევაში თავდაცვითი პოლიტიკა, სიჩუმეზე გადის და პრობლემებისადმი თვალის დახუჭვაზე“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს გაანალიზებული მოვლენათა განვითარების ალტერნატიული სცენარები, რაც, მისი შეფასებით, მაგალითად, თვალსაწიერ მომავალში უკრაინისთვის ნატოში წევრობაზე უარს ნიშნავს და რაც ავტომატურად გავრცელდება საქართველოზეც:

„ვის აქვს იმის ილუზია, რომ რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ფაქტობრივ ვეტოს მიაღწევს პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში მაინც, როგორც გუშინ გერმანიამ გვაცნობა და ამაზე თვალს დახუჭავს საქართველოსთან მიმართებაში?! აი, ამგვარი ალტერნატიული სცენარების განვითარების შემთხვევაში, ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვინარჩუნებთ საზოგადოების მდგრადობას თუ მედეგობას, რომელიც ისედაც არის ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფილი“, - კითხულობს ხათუნა ლაგაზიძე. იგი ამბობს, რომ აუცილებელია გაანალიზდეს საქართველოს ირგვლივ მოქმედებათა განვითარების სავარაუდო ვერსიები და შეიქმნას საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია და მასზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა.

რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის კრიზისის მომავალს, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ წამოიწყებს და ეპიცენტრი გადაინაცვლებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე:

[ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების] ან აღიარება, ან იქ სამხედრო მოქმედებების გააქტიურება და ამით ზელენსკის ხელისუფლების ჩამოშლა - ეს ჩანს ამ ეტაპზე ყველაზე რეალისტურ სცენარად“, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს აშშ და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე „გეგმური ტაქტიკური სწავლებების“ დასრულების შემდეგ, სამხედრო ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ უნახავს მტკიცებულება, რომ რუსეთმა ჯარები გაიყვანა უკრაინის საზღვრის ახლოს მდებარე ადგილებიდან, მიუხედავად მოსკოვის განცხადებისა, რომ გაყვანის პროცესი დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG