Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ჯერჯერობით ვერ ვამჩნევთ უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების ნაწილის გასვლას


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინის საზღვრიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა. თუმცა არის იმის ნიშნები, რომ მოსკოვს დიალოგის გაგრძელება სურს და ეს იძლევა გარკვეულ იმედებს, რომ შესაძლო იქნება რეგიონში კრიზისის თავიდან აცილება.

„არის მოსკოვიდან იმის ნიშნები, რომ დიპლომატიური მცდელობები უნდა გაგრძელდეს, რაც ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. მაგრამ ჯერჯერობით არ შეგვიმჩნევია დეესკალაციის რაიმე ნიშნები“, - თქვა სტოლტენბერგმა 15 თებერვალს ბრიუსელში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრა „უპრეცედენტოა ცივი ომის დასრულების შემდეგ.“

„ახლა ყველაფერი მზადაა ახალი თავდასხმისთვის. მაგრამ რუსეთს ჯერაც აქვს იმის დრო, რომ დაიხიოს, შეაჩეროს ომისთვის მზადება და [პრობლემის] მშვიდობიან მოგვარებაზე ზრუნვა დაიწყოს“, - თქვა სტოლტენბერგმა.

15 თებერვალს რუსეთმა განაცხადა, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრებიდან თავისი ჯარების გაყვანა. მოსკოვის თქმით, ისინი თავთავიანთ სამხედრო ბაზებს დაუბრუნდებიან, რაც დეესკალაციის პირველ ნაბიჯად შეიძლება იქნეს აღქმული.

დასავლეთის ქვეყნების თანახმად, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 130 ათასამდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი, რაც შესაძლოა უკრაინაში შეჭრისთვის მზადებას ნიშნავდეს.

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ ამავე დროს ის მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს. მათ შორის იმას, რომ ნატოში არ იქნენ მიღებული უკრაინა და საქართველო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG