Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ელჩი: დღეს ომი არ არის, რადგან ყველანი ერთად ვართ


„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ომს დაგვიპრდნენ, მაგრამ დღეს ომი არ არის, რადგან ყველანი ერთად ვართ“, - განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა, იჰორ დოლჰოვმა.

დღეს, 16 თებერვალს საელჩომ უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა რუსეთისგან შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ერთიანობის დღე. ამ დღის აღსანიშნავად საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

უკრაინის ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიევში საქართველოს საელჩოს, ელჩს და ყველა დიპლომატს, რომლებიც იქ არიან, სადაც საჭიროა. როგორც იჰორ დოლჰოვმა თქვა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ გადაწყვიტა 16 თებერვალი გამოეცხადებინა უკრაინის ერთიანობის დღედ და ეს არის არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მათი ერთიანობა ძმებთან, მეგობრებთან და ძვირფას ქართველ ხალხთან. უკრაინის ელჩის განცხადებით, ნებისმიერ აგრესიას და მუქარას წინააღმდეგობა სწორედ ერთიანობით უნდა გაუწიონ და საქართველოს გერბზეც ეს სიტყვებია: „ძალა ერთობაშია”.

იჰორ დოლჰოვის თქმით, დღეს უკრაინაში არ ისვრიან სწორედ ერთიანობის წყალობით და იმის გამო, რომ სტრატეგიული პარტნიორები უკრაინას დაეხმარნენ იარაღით, ფინანსურად და მორალურად. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ არც უკრაინამ, არც საქართველომ და არც მათმა პარტნიორებმა უარი არ თქვეს პრინციპზე, რომ ნატოში გაწევრიანება თავად ამ ქვეყნების და მათი ხალხების სუვერენული უფლებაა.

უკრაინის ელჩის განცხადებით, განსაცდელის დროს საქართველო და უკრაინა ერთად და უფრო ახლოს უნდა იყვნენ, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება კამერების წინ არ ამბობდნენ, იციან, რა უნდა გააკეთონ ერთმანეთისთვის. იჰორ დოლჰოვი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შემდგომი ერთიანობა გამარჯვებას მოიტანს.

ელჩის თქმით, თუ დღეს უკრაინას თავს არ დაესხნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არაფერი შეიცვლება, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, „ჩვენ ერთად ვართ და ერთად გავიმარჯვებთ”.

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.

XS
SM
MD
LG