ბათუმში, უკრაინის საკონსულოსთან, პარტია "ლელოს" ორგანიზებით და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ერთი მხრივ, მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას, მეორე მხრივ, კი საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გააპროტესტეს:
"სირაქლემას სამარცხვინო პოზაშია დღეს საქართველოს ხელისუფლება მაშინ, როცა პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში რუსეთიც კი არ ახსენეს, როგორც აგრესორი. ამიტომ სიტყვა უნდა თქვას საქართველოს საზოგადოებამ" - თქვა გენო თებიძემ, "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
"დღეს ბრძოლის ხაზი გადის უკრაინასა და საქართველოზე", - განაცხადა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა რეზო ხარაზმა.
უკრაინის საპატიო კონსულმა ქალაქ ბათუმში, როსტომ ნაკაშიძემ კი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებას უკრაინის მხარდაჭერისთვის:
"ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება მხარს უჭერს მოძმე ქვეყანას. ძალიან ვწუხვართ, რომ უკრაინას ისეთივე ბედი აქვს, როგორც საქართველოს. მაგრამ ჯერ გვიანი არ არის, რომ დიპლომატიური ხერხებით გამოასწორონ სიტუაცია".
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები.
დღეს, 16 თებერვალს, რუსეთისგან შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული "ერთიანობის დღე" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღნიშნეს. თბილისში ეს ღონისძიება უკრაინის საელჩომ უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა.
საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
დავით ზალკალიანმა დაგმო რუსეთის დუმის დადგენილება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი მიმართვის შესახებ, აღიაროს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მისივე სიტყვებით, დამოუკიდებელ ქვეყნებს აქვთ უსაფრთხოების ალიანსების დამოუკიდებლად არჩევის სუვერენული უფლება.
წვრთნების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მასშტაბურ თავმოყრას, რომელიც გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ასევე, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო მანევრებს უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმისთვის მზადებად. კრემლში ამას უარყოფენ, თუმცა, 2021 წლის დეკემბრიდან აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ უკრაინა და საქართველო. 2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
დაწერეთ კომენტარი