ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“ აცხადებს, რომ იანვარში აბონენტთა ნაწილის შემთხვევაში მართლაც გამოვლინდა გადასახადის დარიცხვების ზრდა, რასაც რამდენიმე ფაქტორით ხსნის.
- ელექტროენერგიის აღრიცხვის ახალ წესზე გადასვლა 2022 წლიდან და ამასთან დაკავშირებით მეორე ქვითრის გაგზავნა დეკემბრის მოხმარების ნაშთზე;
- ცვლილებები სახელმწიფო სუბსიდიების სისტემაში თბილისში, 2022 წლის იანვრიდან;
- საშუალო თვიური მოხმარებიდან გამომდინარე, დეპოზიტების აქტუალიზაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ადრე რეგულარულად არღვევდნენ გადახდის ვადას;
- იანვრის თვის ქვითარში წინა პერიოდების დავალიანების ასახვა.
კომპანიაში ამბობენ, რომ წუხან მომხდარი ცვლილებებით შექმნილი უხერხულობის გამო.
შპს „თელმიკოს“ სემეკ-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომისიები ამოწმებენ, რაც გამოწვეულია თბილისის მაცხოვრებელთა საჩივრებით, ელექტროენერგიის ქვითრებზე ასახული გაზრდილი თანხების გამო.
კომპანია მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის მათთან დაკავშირებას ურჩევს. ქოლ-ცენტრი (ნომრები 32 5 000 777 და 16700 ) მუშაობს 24 საათი დღე-ღამის განმავლობაში, ხოლო კლიენტთა მომსახურების ცენტრები - კვირაში 6 დღე.
„ელექტროენერგიის თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ასევე მიმართოს კომპანიას ელექტრონულ ფოსტაზე info@telmico.ge, ჩვენი საიტიდან telmico.ge, Whatsapp +995 591 926578 და Facebook https://www.facebook.com/telmicoLTD“,- ნათქვამია „თელმიკოს“ განცხადებაში.