Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აშშ-ს პასუხი გაუგზავნა - მოსკოვი კვლავ მოითხოვს ნატოსგან გაფართოებაზე უარის თქმას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

17 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩს, ჯონ სალივანს გადასცა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე გაგზავნილ წინადადებებზე მოსკოვის პასუხი, რომელშიც მოსკოვი იმეორებს, რომ მისი მოთხოვნები უცვლელია.

სააგენტო „ტასს“-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში რუსეთი აცხადებს, რომ ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა აშშ-სთან რუსული მხარის მიერ მომზადებული უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს.

"რუსეთმა, კერძოდ, მოითხოვა ნატო-ს გაფართოებაზე უარის თქმა, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არსებული „ბუქარესტის ფორმულის“ უკუგდება და სამხედრო საშუალებების, მათ შორის შეტევითი შეიარაღებისა და ნატოს ინფრასტრუქტურის გაყვანა 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე.

როგორც დოკუმენტში წერია, "რუსეთი იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით."

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ ამზადებს და ამის შესახებ დასავლეთის ქვეყნების განცხადებას უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის წინადადებების "გაუფასურების მცდელობად" მიიჩნევს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ამართლებს ყირიმის ანექსიას და იმეორებს ვლადიმირ პუტინის არგუმენტს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ყირიმში რუსეთსა და ნატოს შორის ომის საფრთხეს შექმნის“.

რუსეთი ასევე მოითხოვს აშშ-ს ყველა შეიარაღებული ძალისა და იარაღის გაყვანას, რომელიც მდებარეობს ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ბალტიის ქვეყნებში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი მზად არის განიხილოს აშშ-ის წინადადებები, კერძოდ, საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებზე. თუმცა, ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს თავისი წინადადებების მთლიან "პაკეტში“ განხილვას. ანუ, ნებისმიერი მოლაპარაკება, რუსეთის აზრით, ნატოს გაფართოებისა და სხვა ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების უარყოფის კონტექსტში უნდა წარიმართოს.

17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდა შეთანხმებების პროექტები, რომლებშიც მოსკოვი აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ნებაყოფლობით თქვან უარი ალიანსის შემდგომ გაფართოებასა და თავიანთ რიგებში უკრაინის და ასევე აღმოსავლეთ ევროპის, ამიერკავკასიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების მიღებაზე. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული ნატოს ინფრასტრუქტურა უნდა დაუბრუნდეს 1997 წლის მდგომარეობას.

  • იანვრის დამდეგს ევროპაში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა აშშ-ის, ნატოსა და ეუთოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ისინი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან დაკავშირებით მოსკოვმა თავის წინადადებებზე წერილობითი პასუხი მოითხოვა.
  • კრემლის მოთხოვნის პასუხად, რომ ალიანსმა უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაზე აღმოსავლეთ ევროპაში (მათ შორის, უკრაინაში), ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბრიუსელმა მოსკოვს მოუწოდა, „გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან“.
  • აშშ-სა და ნატოს არ სურთ კონფრონტაცია და მზად არიან განიხილონ რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ არ წავლენ კომპრომისზე მათთვის პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა ნატოს გაფართოებაზე უარის თქმა და მოთხოვნა, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდეს 1997 წლამდე არსებულ საზღვრებს, - ამის შესახებ საუბარია ესპანურ გამოცემა „ელ-პაისის“ მიერ გამოქვეყნებულ კონფიდენციალურ დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ისა და ნატოს ოფიციალურ პოზიციას რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG