რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „რესპუბლიკა მზადაა, მიიღოს ობოლი ბავშვების ჯგუფი დონბასიდან“, - ამის შესახებ ინფორმაცია ბიბილოვის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ბავშვების მიღებისა და განთავსების მზადყოფნის შესახებ მითითებები მიეცათ საგანგებო სიტუაციებისა და განათლების სამინისტროს ხელმძღვანელებს. დახმარების წინადადება ასევე გაეგზავნება ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
18 თებერვალს დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა „როსია 24“-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ მხოლოდ დონეცკიდან ლტოლვილთა რაოდენობა „ასობით ათასს მიაღწევს“.
თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ პრორუსი სეპარატისტების ლიდერებმა ევაკუაციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, 16 თებერვალს ჩაწერეს ვიდეომიმართვა ევაკუაციის მოწოდებით, რაც დასტურდება გავრცელებული ვიდეოფაილების მეტამონაცემების შესწავლით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას, გასცეს 10 ათასი რუბლი (დაახლოებით 400 ლარი) თითოეულ ლტოლვილზე, რომელიც ჩავიდა როსტოვის ოლქში პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან.