Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ლიდერი დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებას ჰპირდება


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აცხადებს, რომ მზად არის დონბასელი სეპარატისტების დასახმარებლად, მათ შორის - სამხედრო ძალითაც.

„აფხაზეთის ხალხი, რომელმაც გაიარა ომის სასტიკი სიმძიმე, ამ რთულ დროს მხარს უჭერს დონბასის მცხოვრებლებს. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის რესპუბლიკა მზად არის, რომ სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს დონბასს“, - აცხადებს აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მის სიტყვებს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ბჟანია აღნიშნავს, რომ სოხუმი მუდმივ კავშირშია ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერებთან, „რომლებიც იძულებული გახდნენ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთში გადასვლის მოწოდებით მიემართათ მოქალაქეებისთვის“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი აცხადებს, რომ დონბასში დაძაბულობის ესკალაციას იწვევს „დასავლელი კურატორების მიერ წახალისებული უკრაინა“.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ლიდერებმა გამოაცხადეს ევაკუაცია და დაიწყეს ხალხის მასობრივი გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე. თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კიევი აპირებს მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიან თავდასხმას.

დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ვითარების ესკალაცია შესაძლოა რუსეთმა გამოიყენოს საბაბად, უკრაინაზე ფართომასშტაბიანი შეტევის წამოსაწყებად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს აჰყვეს პროვოკაციებს და კიევმა საპასუხო ცეცხლი არც მაშინ გახსნა, როდესაც დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მანამდე სეპარატისტების პოზიციებიდან ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობასაც, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

უკრაინა იტყობინება ორი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დასავლური ქვეყნების ლიდერების ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან უკვე მობილიზებულია რუსეთის არმიის 150 ათასი სამხედრო. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ტექნიკურად უკვე მზად არის ნებისმიერ დროს დაიწყოს ომი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG