Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარასინი აბაშიძესთან „პერსპექტივებზე სერიოზულ საუბარს“ გეგმავს


რუსეთის ფედერალური სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას გეგმავს, რათა „სერიოზულად ისაუბრონ პერსპექტივებზე“, - ამის შესახებ კარასინმა სააგენტო ТАСС-ს განუცხადა.

ყოველ კვირას ვსაუბრობთ [აბაშიძესთან], საჭიროა მცირე გუნდის შეკრება, მოსვლა და პერსპექტივებზე სერიოზულად საუბარი. ბევრი საკითხია: ორმხრივი, „3+3“ ფორმატი და რეგიონული პოლიტიკა, - განაცხადა მან და დაამატა, - ძირითადად, ესაა ორმხრივი კონტაქტები, როგორ განვაგრძოთ სვლა, არსებობს ავიარეისების განახლების პრობლემები, მოქალაქეთა მოგზაურობა, ვიზები, მომწიფდა საკითხების მთელი რიგი“.

კარასინის სიტყვებით, შეხვედრა შესაძლოა პირისპირ ფორმატში პრაღაში შედგეს.

ჩვენ ასეთ კონტაქტს ვგეგმავთ, ეს დამოკიდებულია პანდემიის მდგომარეობაზე. თუ ნორმალური ვითარება იქნება, მაშინ, პრინციპში, არსებობს გეგმები მარტის მეორე ნახევრისთვის“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის მხარდაჭერილ ამიერკავკასიის 3+3-ის თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც რუსეთის, ირანის, თურქეთის და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის მონაწილეობას გულისხმობს. ამის შესახებ მან 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონული ფორმატი, პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუღებელია საქართველოსათვის, ამ ფორმატის ყველა სეგმენტში რუსეთის გამოკვეთილი როლის გამო.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ. ამას წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

პლატფორმის პირველი შეხვედრა, რომელშიც რუსეთის, თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები მონაწილეობდნენ, 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა.

საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ პლატფორმაში 3+3 მონაწილეობას არ აპირებს და მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს სთავაზობს მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რასაც მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით უპასუხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG