პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან, გია ვოლსკი პროვოკაციულს უწოდებს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, შიმშილობის ისევ დაწყების შესახებ.
"ასეთ რთულ ვითარებაში, როგორიც მსოფლიოშია, მისი განცხადება, მისი ქმედებები, როგორც ყოველთვის, არის პროვოკაციული, როგორმე საქართველოს მიმართ ვინმეს გაუჩნდეს პრეტენზია, ვინმემ თითი დაუქნიოს და მისი ავტორიტეტი შეილახოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღევანდელ, 21 თებერვლის სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ბექა ბასილაია და ნიკა გვარამია სასამართლოს განჩინებით პენიტენციურ სამსახურში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების დაშვებას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს ადვოკატების ფორმულირებით ჩამოყალიბებული მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
ეს სააკაშვილის მიერ პატიმრობის დროს შიმშილობის გამოცხადების პირველი შემთხვევა არ არის. იგი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ამ დღიდან შიმშილობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური სამსახურის კლინიკაში გადაიყვანეს.
შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა. დეკემბრის ბოლოს ის ისევ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.
ადვოკატები ამბობენ, რომ რუსთავში დაბრუნების შემდეგ, სააკაშვილთან არ უშვებენ მის მკურნალ ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს.
დაწერეთ კომენტარი