უკრაინაში კრიზისის დიპლომატიური მოგვარების შანსები შემცირდა მას მერე, რაც აშშ-მა გამოაცხადა, რომ შესაძლებელი სამიტი - აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა - დღის წესრიგიდან მოიხსნა, მოსკოვის აგრესიული ქმედების შემდეგ.
22 თებერვალს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა მოიხნა დღის წესრიგიდან მას მერე, რაც პუტინმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა და იქ ჯარების შეყვანა გადაწყვიტა. საკიმ არ გამორიცხა პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა თქვა, რომ ბაიდენი არ შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს მანამ, სანამ რუსეთი არ განმუხტავს ვითარებას უკრაინაში და არ გაიყვანს ჯარს.
„ჩვენ არასოდეს არ ვუკეტავთ კარს სრულად დიპლომატიას“, - თქვა მან და დასძინა, რომ „დიპლომატია ვერ იქნება წარმატებული, სანამ რუსეთი კურსს არ შეიცვლის.“
უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ უარი თქვა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე. „ახლა, როცა ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა აშკარად უარყო დიპლომატია, აზრი არ აქვს ამ ეტაპზე შეხვედრის გაგრძელებას“, - თქვა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის მიმართ თავისი ქმედების მიუხედავად, პუტინმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოძებნოს „დიპლომატიური გადაწყვეტა,“ მაგრამ თქვა, რომ რუსეთის ინტერესები განხილვას არ ექვემდებარება.
აშშ-ის და ევროკავშირის შემდეგ რუსეთს სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, რათა მოსკოვი დაისაჯოს უკრაინაში ქმედების გამო.
დაწერეთ კომენტარი