Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი სანქციებზე: ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთისთვის დაწესებულს სანქციებს? - ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. როგორც ის აღნიშნავს, იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს, მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ყოველთვის ვიხელმძღვანელებ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოსთან, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გაძლიერებასთან და მოსახლეობის დაცვასთან, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ და ვიხელმძღვანელებ. სხვა ყველაფერი, რომელიც გააუარესებს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას ან ჩვენი მოსახლეობის ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედებს, რა თქმა უნდა, მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

იმავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას მუდმივად აწვდიან ანალიტიკურ და სადაზვერვო ინფორმაციას, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის დეტალები სანქციების შესახებ და აკვირდება მოვლენების განვითარებას.

"ასევე, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ზოგადად მთელი მსოფლიოს, დასავლური სამყაროს რეაქცია. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი და ევროპაში ტერიტორიით ყველაზე დიდი სახელმწიფო, არამედ, მოდი პირდაპირ ვთქვათ, მთელი დასავლეთი და მათ შორის - ნატოც. ეს სერიოზული ტესტია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შესაბამისად, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს და დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას.

„ნამდვილად, ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში, უკრაინაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი მოძმე ერისადმი და უკრაინას გამოვუცხადო სოლიდარობა. ბუნებრივია ის, რაც მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარება დამოუკიდებელ სუბიექტებად აბსოლუტურად მიუღებელია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მსოფლიოში ცვლის საერთაშორისო წესრიგს. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

22 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება იმ მოქმედებების წინააღმდეგ, რაც "ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას". სანქციების დაწესებას ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

სანქცია ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვას და ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული ანგარიშებისა და ქონების გაყინვას მოიცავს.

სანქცირებულ პირთა სია 23 თებერვალს გამოქვეყნდა. ის გრძელია და სფეროების მიხედვით ასე გამოიყურება:

22 თებერვლის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში რუსეთის ქმედებებს დაუპირისპირა სანქციები, რომლებიც მოიცავს რუსეთის მთავარი ფინანსური ინსტიტუტების ბლოკირებას.

21 თებერვალს რუსეთმა აღიარა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სეპარატისტული დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ პუტინის მიერ გაცემული განკარგულება რეგიონში ჯარის შეყვანას ითვალისწინებს. სეპარატისტულ რეგიონებთან დადებული ხელშეკრულებები რუსმა კანონმდებლებმა 22 თებერვალს დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG