Accessibility links

site logo site logo

პარტია „საქართველოსთვის" ხელისუფლებას და ოპოზიციას პირველ ეტაპზე დახურულ კონსულტაციებს სთავაზობს


გიორგი გახარია

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის". ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტია მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები მომავალში გავლენას მოახდენს საერთაშორისო დღის წესრიგზე.

„დღეს რასაც ვხედავთ უკრაინაში არის გაგრძელება იმ აგრესიული პოლიტიკისა, რაც წლების წინ დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ - ეს არის რუსეთის ღია აგრესია და სრულმასშტაბიანი ომი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე პროცესები ეხება არამხოლოდ უკრაინას და რეგიონს, არამედ მისი შედეგები განსაზღვრავს თუ როგორი იქნება მსოფლიო ხვალ, როგორი საერთაშორისო წესრიგი იქნება მომავალში. დღეს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის შეჩერება ყველა ეფექტიანი მექანიზმის გამოყენებით. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს ამ ურთულეს პერიოდში!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიას „საქართველოსთვის" მიაჩნია, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, საქართველოს მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა გვერდზე გადადოს პარტიული ინტერესები, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია ყველა შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობიანი მოქმედება ევალება ყველას - ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. პარტია ხელისუფლებას და ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად ვართ კონსულტაციებისთვის ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან ერთობლივ პოლიტიკურ ფორმატში და მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იყოს დახურული ფორმატი, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საერთო სახელმწიფოებრივი მიზნისკენ", - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის.

24 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".

რუსეთის თავდასხმის გამო, უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG