Accessibility links

site logo site logo

კულება: "არ ვიქნები დიპლომატიური ამ საკითხში... შეუზღუდეთ რუსეთს SWIFT-ზე წვდომა!"


დმიტრო კულება - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელების სისხლი იმ დასავლელი ლიდერების კისერზე იქნება, რომლებიც უარს იტყვიან რუსეთისთვის SWIFT-თან დაკავშირებული სანქციის დაწესებაზე.

"არ ვიქნები დიპლომატიური ამ საკითხში. ყველას, ვინც ახლა ყოყმანობს, უნდა გამოეთიშოს თუ არა რუსეთი SWIFT-ს, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეც იქნება. შეუზღუდეთ რუსეთს SWIFT-ზე წვდომა!“ - წერს ტვიტერზე დმიტრო კულება.

მანამდე "Reuters“-ი წერდა, რომ სათუოა რუსეთისთვის ასეთი სანქციის დაკისრების გადაწყვეტილება. “ამ დროისთვის მსგავს შეთანხმებაზე არაფერი ვიცი", - უთხრა სააგენტოს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

SWIFT-ის საერთაშორისო სისტემა გამოიყენება საგადასახადო გადარიცხვების დროს, უსაფრთხო შეტყობინებების გასაგზავნად. მასში 200-ზე მეტი ქვეყანა და 10 ათასზე მეტი საფინანსო ინსტიტუტია ჩართული.

SWIFT-თან წვდომის შეზღუდვით რუსეთის ბანკებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება საზღვარგარეთ მუშაობა. 2012 წელს დაწესებულმა ამ სანქციამ ირანში ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას განსაკუთრებული აქტიურობით უჭერენ მხარს ბალტიისპირეთის ქვეყნები. დანარჩენები ფრთხილობენ, რადგან ევროპელი კრედიტორები ვეღარ შეძლებენ რუსული ბანკებიდან საკუთარი ფულის დაბრუნებას.

წინასწარი ინფორმაციით, საკითხი ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სხდომაზე უნდა განიხილონ. სხდომა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG