რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შემდეგ, დონბასიდან ლტოლვილების მიღებას გეგმავს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრის აზამატ ჩოჩიევის განცხადებით, „დონბასში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სახელით, გამოყოფილი იქნა მანქანები დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა - ქალებისა და ბავშვების გადასაყვანად“.
ჩოჩიევის თქმით, კოლონას თან ახლავს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და საგზაო პოლიციის მანქანები, ასევე, სამედიცინო პერსონალი.
„60 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება, მათგან 20 ქალია, დანარჩენი 12 წლამდე ბავშვები არიან. ლტოლვილები ქალაქში განთავსდებიან, ადგილები უკვე წინასწარ არის მომზადებული, თუმცა მათ მოსვლამდე დამატებითი მზადება იქნება, რადგან შესაძლოა ვიზიტორთა რაოდენობა შეიცვალოს. კოლონას თან ახლავს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ავტომობილი და საგზაო პოლიცია, ასევე სამედიცინო მუშაკებმა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა აიღეს ყველა ვალდებულება გზაზე კვებით უზრუნველყოფის შესახებ“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.
ჩოჩიევმა დასძინა, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ასევე მზადაა დახმარება გაუწიოს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებს და ნებისმიერ დროს გაგზავნოს მანქანები ლტოლვილების გადასაყვანად.
დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან". უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".
საქართველოში, ცხინვალის რეგიონიდან პირველი დევნილები 90-იანი წლების კონფლიქტის დროს გაჩნდნენ, მაშინ ცხინვალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაანაწილეს. პირველი კონფლიქტის ათობით ათასი დევნილი სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში განათავსეს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი დაახლოებით 30 ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, ასევე ფრონეს ხეობის ქართული სოფლები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მთლიანად გაანადგურეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა".
აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო სამხედრო ბაზა განათავსეს. მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია გრძელდება.
დაწერეთ კომენტარი