მსახიობი და რეჟისორი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა, სადაც განაგრძობს მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე რუსეთის თავდასხმის შესახებ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს.
გავრცელდა ორი ოსკარის მფლობელის ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ ის ესწრება კიევში გამართულ სამთავრობო პრესკონფერენციას. ინსტაგრამზე უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ასახავს პენის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.
პრეზიდენტის პრესსამსახურმა ხუთშაბათს ფეისბუკზე დაწერა, რომ პენი დაესწრო პრესის ბრიფინგებს, შეხვდა ვიცე-პრემიერს, ირინა ვერეშჩუკს და რუსეთის შეჭრის შესახებ ელაპარაკა ჟურნალისტებს და სამხედროებს.
"შონ პენი გვაჩვენებს გაბედულებას, რომელიც ბევრს, განსაკუთრებით დასავლეთის პოლიტიკოსებს, აკლია", - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური ფეისბუკზე და დასძენს: "რეჟისორი საგანგებოდ ჩამოვიდა კიევში, რათა აღბეჭდოს ყველა მოვლენა, რაც უკრაინაში ახლა ხდება და მსოფლიოს სიმართლე უთხრას, რუსეთის მხრიდან ჩვენს ქვეყანაში შემოჭრის შესახებ".
შონ პენი უკრაინაში ნოემბერშიც იყო ჩასული სამუშაოდ პროექტზე, რომლის პროდიუსერია VICE Studios. მაშინდელი ფოტოები აჩვენებს პენს, რომელიც ფრონტის ხაზზეა ჩასული და უკრაინის არმიის წევრებს ხვდება დონეცკის რეგიონთან ახლოს.
დაწერეთ კომენტარი