Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გარიცხვის თაობაზე ევროსაბჭოს შიგნით თანხმობა არსებობს


ტინი კოქსი

ევროსაბჭოს გაერთიანებული კომიტეტი, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ხელმძღვანელობას, წევრი სახელმწიფოებისა და ასევე ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენლებს აერთიანებს, გამოვიდა რეკომენდაციით, რომ რუსეთის მიმართ გამოყენებულ იქნეს განსაკუთრებული პროცედურა, რომელსაც ევროსაბჭოდან ამ სახელმწიფოს გარიცხვა მოჰყვება.

ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

საინტერნეტო გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, კოქსმა განაცხადა, რომ გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე შედგა კონსენსუსი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ოფიციალურად პარასკევს, მოგვიანებით უნდა მიიღონ.

"დიდი ხანია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვარ და პირველად ვხედავ ასეთ ერთსულოვნებას ყველა დონეზე.
გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტს ეხება, მაგრამ, მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, წესდების მე-8 მუხლი შეეხება რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის შეჩერება ევროპის საბჭოს ყველა ორგანოში", - განმარტა ტინი კოქსმა.

ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომლის სხდომაც საღამოს გაიმართება, მაგრამ კოქსმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი ვარიანტი განიხილება. "უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით რუსეთმა დაადასტურა, რომ იგი არ შეიძლება იყოს ჩვენი ორგანიზაციის ნაწილი", - განაცხადა კოქსმა „უკრაინსკა პრავდას“ შეკითხვაზე.

აღსანიშნავია, რომ ტინი კოქსი მიჩნეულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ ყველაზე პრორუსულ წევრად, მანამდე იგი სისტემატურად იცავდა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ყველა სიტუაციაში. კერძოდ, ის იყო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის ადვოკატი PACE-ში 2019 წელს, მაგრამ ამჯერად მან აბსოლუტურად კატეგორიულად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის ქმედებების დაუშვებლობისა და ორგანიზაციის პრინციპებთან შეუთავსებლობის შესახებ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 თებერვალს საგანგებო შეხვედრას გამართავენ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

დიპლომატების თქმით, საუბარი იქნება უკრაინის შემდგომი დახმარების შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ რა პოზიცია დაიკავოს ბლოკმა რუსეთის მიმართ, რომელიც განაგრძობს იერიშს.

შეხვედრამდე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე. 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, შეზღუდვები შეეხება რუსეთის ბანკებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, ორმაგი დანიშნულების საქონელს, სავიზო რეჟიმს. ბრიუსელი ასევე გააფართოებს „შავ სიას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG