Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის პრესმდივანი აცხადებს, რომ მიმდინარეობს რუსეთთან კონსულტაციები მოლაპარაკების ადგილსა და დროზე


უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ უკრაინას არასოდეს უთქვამს უარი რუსეთთან მოლაპარაკებაზე.

„პირდაპირ ამ საათში მხარეები კონსულტაციებს აწარმოებენ მოლაპარაკების პროცესის გამართვის ადგილსა და დროზე. რაც უფრო მალე დაიწყება ეს მოლაპარაკებები, მით მეტია შანსი ნორმალური ცხოვრების აღდგენისთვის“, - დაწერა ფეისბუკში ზელენსკის პრესმდივანმა, რომლის სიტყვებსაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იმოწმებს.

დღეს, 25 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოწოდებით.

რუსეთი მზადაა მინსკში დელეგაცია გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, - ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსეთის პრეზიდენტ პუტინსა და ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინ პინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკება უკრაინასთან მაღალ დონეზე.
უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს, 137 ადამიანი დაიღუპა. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG