უკრაინის დედაქალაქი კიევი, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების მოლოდინში გაახანგრძლივებს კომენდანტის საათს. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ შაბათს მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა 17:00 საათიდან დილის 8 საათამდე შეეზღუდებათ. მანამდე კომენდანტის საათი 22:00 საათზე იწყებოდა. კლიჩკომ ასევე „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ მეტრო კიევში არ იმუშავებს - მეტროსადგურებს კიეველები დაბომბვის დროს თავშესაფრად იყენებენ.
დღეს მესამე დღეა, რაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში შეიჭრნენ. 24 თებერვალს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ, რათა "დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან "გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან".
უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა". თუმცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო არა მხოლოდ ამ სეპარატისტულ რეგიონებში, არამედ, პრაქტიკულად, მთელ უკრაინაში. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.