Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლაფ შოლცის თქმით, პუტინის აგრესია შემოტრიალების წერტილია


გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ეძღვნებოდა. მან ამ მოვლენას უწოდა „შემოტრიალების წერტილი“, მათ შორის გერმანიის პოლიტიკაშიც.

შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანია დაიწყებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას, ვინაიდან „პუტინის აგრესიამ ჩვენ სხვა არჩევანი არ დაგვიტოვა“. ადრე გერმანია არ იყო თანახმა, უკრაინისთვის თავისი იარაღი მიეწოდებინა.

კანცლერმა დაადასტურა, რომ აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდება სანქციები და რომ „ისინი არ არის შეზღუდული არავითარი ფარგლებით“. მან ასევე გამოაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი მკვეთრად, თითქმის ორჯერ გაიზრდება. მიღებულ იქნება ზომები იმისთვისაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება. მათ შორის, აიგება ორი ახალი ტერმინალი გათხევადებული გაზის მისაღებად.

„უკანასკნელმა დღეებმა დაგვანახა, რომ პასუხისმგებლობიანი, მომავალზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკა გადამწყვეტია არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკისა და გარემოსთვის. ის გადამწყვეტია ასევე ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - თქვა შოლცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას და დასძინა: „ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, რათა ამგვარად დავიცვათ ჩვენი დემოკრატია.“

შოლცმა პუტინი დაადანაშაულა, რომ მან ცივსისხლიანი აგრესიული ომი წამოიწყო, ვინაიდან თავისუფლება უკრაინაში საფრთხეს უქმნის „მის საკუთარ მჩაგვრელ რეჟიმს“.

ბუნდესტაგის სხდომას ესწრებოდა უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი. დეპუტატები მას ხანგრძლივი აპლოდისმენტებით შეეგებნენ. ბუნდესტაგის შენობიდან უკრაინის დროშა გამოფინეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობს ამ დღეებში პუტინის ომის წინააღმდეგ მშვიდობიან აქციებში აქ, ბერლინში და სხვაგან“, - თქვა შოცმა და განსაკუთრებით აღნიშნა იმათი „დიდი სიმამაცე და ვაჟკაცობა“, ვინც თავად რუსეთში მონაწილეობს საპროტესტო გამოსვლებში.

გერმანიამ ასევე გამოაცხადა, რომ საჰაერო სივრცეს უკეტავს რუსეთის თვითმფრინავებს. ამჟამად ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უკვე მსოფლიოს 20-მდე ქვეყანამ. როგორც მოსალოდნელია, რუსეთს საჰაერო სივრცეს ჩაუკეტავს ევროკავშირის ყველა ქვეყანა. განიხილება საკითხი ევროპის პორტებში რუსეთის გემების შესვლის აკრძალვის თაობაზე.

ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე სანქციების ორი პაკეტი დაამტკიცეს უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. ისინი ეხება რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საფინანსოს. შემოღებულია პერსონალური სანქციებიც, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა.

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა 24 თებერვალს დაიწყო. ვლადიმირ პუტინმა მას „იძულებითი ზომა“ უწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები არ დათანხმდნენ რუსეთის წინადადებებზე ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. პუტინის თქმით, ეს რუსეთს დიდ საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის უკრაინის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG