Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამადაშვილი: მაინტერესებს იტყვის თუ არა ღარიბაშვილი იმას, რაც ზელენსკიმ თქვა ომამდე


საქართველოს პარლამენტის წევრი "ლელოდან", სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოთქმული პოზიციების გამო აკრიტიკებს. მან დეპუტატებს გაახსენა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, რომლითაც ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, პრემიერი კი გააკრიტიკა.

"ქართულ სახელმწიფოს ემუქრება გაუქმება, ამ პარლამენტის თავზე იფრიალებს რუსული დროშა. მე მაინტერესებს, არაფერს არ ვითხოვთ ბევრს ხელისუფლებისგან, მე მაინტერესებს, გამოვა თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იტყვის თუ არა იმ სიტყვებს, რაც თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის დაწყებამდე - დიახ, ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ ვიომებთ ჩვენი მიწის ყოველი გოჯისთვის.

მაინტერესებს, ეს არის თუ არა თქვენი პოზიცია. აქ მოგიწევთ ამაზე პასუხის გაცემა. და თუ აპირებთ, ამ სახელმწიფოს დაცვა, ერთ დღეს მოგიწევთ ოპოზიციაში გადმოსვლა იმიტომ, რომ თქვენს ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ჩაბარებული აქვს ეს ქვეყანა და ელოდება კიევის დაცემას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გუშინ, 28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყება სურს.

"დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ... დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, ვინ ომობს - ომობს უკრაინელი ჯარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეექვსე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთს შესაჩერებლად აშშ-მ, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ა.შ. სანქციები დაუწესეს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ეროვნული ინტერესებიდან" გამომდინარე, არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG