Accessibility links

site logo site logo

„კლინიკური სურათი აშკარაა“- პუბლიცისტი სტანისლავ ბელკოვსკი პუტინზე საუბრობს


სტანისლავ ბელკოვსკი

რუსეთში დამოუკიდებელი, კრიტიკულად განწყობილი მედიის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. გათიშესეხო მოსკვისრადიოეთერი. თუმცა, „ეხო მოსკვი“ ისევ რჩება Youtube-ზე. უკრაინის ომის კვალდაკვალ შექმნილ რეალობაზე „ეხო მოსკვი“ პუბლიცისტ სტანისლავ ბელკოვსკის ესაუბრა.

- ფრთხილად საუბრისას, ხომ იცით რუსეთის კავშირის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახური...

- კი, კი, ვიცი, რომ არავითარი ომი არაა. „ჰუმანიტარული მისია“ - ასე დავარქვათ.

- დუმას რომ უნდა, ფეიკ ნიუსებისთვის ხალხი 15 წლით დასაჯოს, ეს მართალია? შეიძლება მართლა გააკეთონ?

- შეიძლება, რა თქმა უნდა. მათთვის მთავარია „ჰუმანიტარული მისიის“ შესახებ ხალხმა სიმართლე არ გაიგოს. შეეძლოთ უბრალოდ შემოეღოთ „ცენზურა ომის პირობებში“, მაგრამ ახლა ხომ ომი „არაა“.

- და რა უშლის პუტინს, ამ ყველაფერს გულწრფელად დაარქვას ომი?

- ამით ის დანაკარგს მალავს.

- ამ ომის მიზანი მაინც გახდა ნათელი?

- კი, ნათელია, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და არა პოლიტიკური. პუტინი თვითგანადგურების მესამე წრეზე წავიდა, ეს ფროიდის ნაშრომში კარგად არის აღწერილი...

პუტინს უნდა, რუსეთი დასავლეთს ჩამოაშოროს, ეს მისი დიდი ხნის სურვილია. მსოფლიოსგან გამოცალკევების სურვილი და ის, რომ მაგიდასთან, თავის უახლოესი მრჩევლებისგან 10 მეტრის დაშორებით ჯდება - ერთი ჯაჭვის ორი რგოლია, ერთი და იგივე დიაგნოზის გამოვლინება...

მისი გეგმა, რა თქმა უნდა „ბლიცკრიგი“ იყო, კიევის ადმინისტრაციული ცენტრის სწრაფად აღება, რასაც ზელენსკის პატიმრობა ან გაქცევა უნდა მოჰყოლოდა. სხვათა შორის, აშშ-მა ეს იცოდა, ამიტომაც სთავაზობდნენ, მათთან გაქცეულიყო. ზელენსკი არ გაიქცა და გეგმაც ჩაიშალა... მოლაპარაკებები, რომელიც ახლა დაიწყო, თვალის ასახვევადაა. სინამდვილეში რუსეთს ჯარი არ ჰყოფნის.

- ზელენსკი, თქვენ მას დიდი ხანია აკვირდებით... „კვერცხებიანი“ კაცია?

- არა თუ?! აშშ სთავაზობდა, გაასწარიო და არ გაიქცა. 27 თებერვალს მძიმე მდგომარეობაში იყო, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ურეკავდა და ეუბნებოდა, შეიძლება უკანასკნელად გელაპარაკებით, არ ვიცი, ჩემი ქვეყანა კიდევ რამდენი ხანი გაუძლებსო. შემდეგ გონს მოეგო და დგას. რა თქმა უნდა, აქვს „კვერცხები“.

- და ვლადიმირ პუტინს? არ გეტყვით შეადაროთ, ვის როგორ... ვინ უფრო თავდაჯერებულია ამ დღეებში, ვინ უფრო ძლიერი, პრაგმატული, გამჭრიახი ჩანს, როგორც პოლიტიკოსი?

- ზელენსკი იმას აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს, ის მამაცია. ისტორიამ ბევრი გმირი იცის და, როგორც წესი, გმირი ის ადამიანი ხდება, ვისგანაც ამას არ ელიან. ადამიანი, რომელიც სულ ახლახან „მასხარა“ იყო და შემდეგ „ჩერჩილი“ გახდა, ეს ისტორიის ლოგიკაში ჯდება.

- მგონია, რომ ბირთვული ომი განხილვადაც არ ღირს, იმდენად არარეალურია.

- ძალიანაც რეალურია. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ პუტინი სინამდვილეში აშშ-ს ებრძვის, უკრაინა მხოლოდ ბრძოლის ველია. მან ყველაფერი ისე უნდა გააკეთოს, როგორც აშშ-მა. ეს ოიდიპოსის კომპლექსია, ჩამოაგდე მამა და დაჯექი მის ტახტზე. ამისთვის კი საჭიროა იმ იარაღს ფლობდე, რომელსაც მამა ფლობს. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი გამოუყენებია, ამერიკაა. ამიტომ არ არის გამორიცხული, პუტინს ჰქონდეს ფსიქოლოგიური მზაობა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ასე რუსეთი მეორე ქვეყანა იქნება და, შესაბამისად, აშშ-ის თანასწორიც, მაშინ უკვე ყველას შეეშინდება. მას ისიც შეიძლება უტრიალებდეს გონებაში, რომ საბჭოთა კავშირის იმის გამო არ ეშინოდათ, რომ ის ბირთვული იარაღის გამომყენებელი არ იყო.

- რა გააჩერებს პუტინს?

- არაფერი, მიზანს თუ მიაღწევს, მხოლოდ მაშინ გაჩერდება, ყოველ შემთხვევაში თავად მაინც უნდა ეგონოს, რომ მიაღწია.

- რა არის ეს მიზანი?

- რუსული ხელისუფლება უკრაინაში, ამის მერე უკრაინა ალბათ ცნობს დსრ-ს და ლსრ-ს, ასევე ყირიმს...

- კი, როგორ არა. რამ აიძულა პუტინი ამაზე ეოცნება? დიდი ხანია ამას ოცნებობს?

- ალბათ 2014 წლიდან, როდესაც კიევში „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოხდა. ის ამას არა სახალხო მოძრაობად, არამედ ამერიკის შეთქმულებად აღიქვამს. ეპიდემიამაც მის წისქვილზე დაასხა წყალი. დაინახა როგორ ეშინია მსოფლიოს. იფიქრა, ამ შეშინებულ ხალხს თითი რომ დავანახო, საერთოდ დაფრთხებიანო და დაიწყო თავისი „ჰუმანიტარული მისიის“ დაგეგმვა.

- კითხვა შემოვიდა: რატომ ამბობს ბელკოვსკი, რომ პუტინს ვერაფერი შეაჩერებს, ეს სასოწარკვეთაში გვაგდებსო.

- არა, მსგავსი არაფერი. მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ვფიქრობ, რომ პუტინს ღმერთი შეაჩერებს. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მთელი ჩემი ცხოვრება ამის დასტურია. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ილოცონ. ღმერთი შეიწყალებს ყველა ქალაქს, სადაც რამდენიმე მართალი მაინცაა.

- კიდევ კითხვა შემოვიდა: ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ღიად გამოთქვეს ეჭვი, რომ რუსეთის ლიდერის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება მყარი არ იყოსო.

- პუტინი ძალიან მყარია, არაფერი ისეთი რაციონალური არ არის, როგორც სიგიჟე. კლინიკური სურათი აშკარაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG