უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში, რომელიც 2 მარტს გაავრცელა, შვეიცარიის მაგალითზე საუბრობს და ქვეყნებს მოუწოდებს, უარი თქვან ნეიტრალიტეტზე და შეუერთდნენ ანტისაომარ კოალიციას.
"ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირი უკვე ახალ დონეზე - ფორმალურსა და სახელმწიფოთაშორისზე მაღალ დონეზე.
ომის ექვი დღე, როგორც ოცდაათი წელიწადი. ამიტომაც გვპასუხობს ევროკავშირი - „დიახ“. ჩვენ გაწევრიანების სპეციალურ დაჩქარებულ პროცედურას შევუდექით. ჩვენი დიპლომატები და მეგობრები მსოფლიოს უკრაინისთვის აერთიანებენ. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა რუსი ოლიგარქების, თანამდებობის პირების, თვით სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. კიდევ ერთხელ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგი სხვა ქვეყანა? ჩვენს ანტისაომარ კოალიციას შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ეიმედებოდა მოსკოვს, ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა არ შეიძლება იყო ნეიტრალური", - ამბობს ზელენსკი.
მისი სიტყვებით, ამ დროის განმავლობაში რუსეთი დიდ დანაკარგებს განიცდის.
„ამ სახელმწიფოს დროშას სპორტულ შეჯიბრებებზე ვეღარ ნახავენ. ერთობლივი მსოფლიო კულტურა დაიხურება. მსოფლიოს მაღაზიების თაროებს რუსული საქონლისგან ცლიან. რუსულ ბანკებს გლობალური სისტემიდან თიშავენ. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს. კარგავენ ყველანაირ პერსპექტივას. რუსი დედები კარგავენ შვილებს, მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში“.
ზელენსკი ამბობს, რომ 6 დღის განმავლობაში უკრაინაში 6 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა.
ევროპარლამენტმა სამშაბათს გამართულ სხდომაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია. მასში ის მკაცრად გმობს „არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც ბელარუსიც მონაწილეობს. რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და რუსეთის ფედერაციის ჯარებმა უპირობოდ დატოვონ უკრაინის ტერიტორია.
რეზოლუცია „მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“. ამავე დროს რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე უკრაინის ინტეგრაციის თაობაზე.
- პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
-
პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).
- 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
- უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
- რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
- ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.
დაწერეთ კომენტარი