Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ერთ მთლიანობად ვიქეცით, ბევრი რამ ვაპატიეთ ერთმანეთს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ის უკრაინელებს ემოციური სიტყვით მიმართავს.

ერთ მთლიანობად ვიქეცით, ბევრი რამ ვაპატიეთ ერთმანეთს. შევიყვარეთ ერთმანეთი, ვეხმარებით ერთმანეთს. გუშინ დილიდან თავისუფლების მოედანზე ჩვენ ყველანი ხარკოველები ვიყავით. შემდეგ მტერმა ბოროდიანკაში საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმით ყველა დაგვანგრია. წუხელ ჩვენ ყველას გვბომბავდნენ კიევში. ჩვენ ყველანი ისევ დავიღუპეთ ბაბი იარში - სარაკეტო დარტყმისგან.

გასულ საღამოს და წუხელ განაგრძობდნენ ჩვენს ქალაქებზე იერიშს. ბომბავდნენ. რაკეტები. არტილერია. ტყვიამფრქვევები. მშვიდობიან ხალხს. ისევ. საცხოვრებელ კვარტლებს. მარიუპოლი, ხარკოვი, კიევი, ჟიტომირი, უკრაინის სხვა ქალაქები და სოფლები. ამის ადამიანური მიზეზით ახსნა შეუძლებელია. არანაირი ღვთის ნებით. რა იქნება მერე, ეს თუ ბაბი იარია? კიდევ რომელი სამხედრო ობიექტები ემუქრება რუსეთს? რომელი „ნატოს ბაზები“, წმინდა სოფიას ტაძარი? ლავრა? წმინდა ანდრიას ეკლესია? რაზეც არ უნდა ოცნებობდნენ - ეშმაკსაც წაუღია. ღმერთი ჩვენთანაა.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ გავაერთიანეთ ევროკავშირი ახალ დონეზე. როცა ევროპარლამენტი ფეხზე მდგარი ტაშს გვიკრავდა. ჩვენს ბრძოლას. ეს ჩვენი ძალისხმევის შეფასება იყო. ჩვენი ერთიანობის.

ომის ექვი დღე - როგორც ოცდაათი წელიწადი. ამიტომაც გვპასუხობს ევროკავშირი - „დიახ“. ჩვენ გაწევრიანების სპეციალურ დაჩქარებულ პროცედურას შევუდექით. ჩვენი დიპლომატები და მეგობრები მსოფლიოს უკრაინისთვის აერთიანებენ.

და რა შედეგი აქვს რუსეთს? ამ სახელმწიფოს დროშას სპორტულ შეჯიბრებებზე ვეღარ ნახავენ. ერთობლივი მსოფლიო კულტურა დაიხურება. მსოფლიოს მაღაზიების თაროებს რუსული საქონლისგან ცლიან. რუსულ ბანკებს გლობალური სისტემიდან თიშავენ. რუსეთის მოქალაქეები კარგავენ დანაზოგებს. კარგავენ ყველანაირ პერსპექტივას. რუსი დედები კარგავენ შვილებს, მათთვის სრულიად უცხო ქვეყანაში.

უკრაინელებო! გავიდა ჩვენს წინააღმდეგ, ხალხის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის კიდევ ერთი ღამე. მძიმე ღამე. ვიღაცამ ეს ღამე მეტროში გაათია - თავშესაფარში, ვიღაცამ სარდაფში. ვიღაცას მეტად გაუმართლა - სახლში ეძინა. ვიღაცა მეგობრებმა და ნათესავებმა შეიფარეს. შვიდი ღამეა თითქმის არ გვძინავს. ან გვძინავს, მაგრამ მშფოთვარედ.

ჩემო ძვირფასებო, დადგება დრო, როცა გამოვიძინებთ. მაგრამ ეს ომის შემდეგ, გამარჯვების შემდეგ“, - ამბობს ზელენსკი.

გასული ღამის განმავლობაში და დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვში სარაკეტო იერიში მიიტანეს სატანკო სასწავლებელზე, აეროდრომზე და სამხარეო პოლიციის და უნივერსიტეტის შენობებზე.

იბომბებოდა უკრაინის სხვა ქალაქებიც: კიევი მარიუპოლი, ჟიტომირი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას სამხედრო დანაშაული უწოდა და მოითხოვა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ საერთაშორისო სასამართლოების მიერ.

  • პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
  • პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს სამი მხრიდან - ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან(ანექსირებული ყირიმი).

  • 1 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კიდევ ერთ ამოცანად გამოაცხადა „რუსეთის დაცვა დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სამხედრო საფრთხისგან“.
  • უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სერიოზული სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.
  • რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.
  • ამ ფონზე, 27 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა განსაკუთრებულ რეჟიმში გადაიყვანა რუსეთის არმიის შეკავების ძალები, რომელთა არსენალში ბირთვული იარაღიცაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG