Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ულტრაკოორდინირებული დედისტ*ვნა” - კიდევ რის დაშავება შეუძლია Anonymous-ს რუსეთისთვის?


“ანომიმების” მტკიცებით, მათი მიზანია, ებრძოლონ უსამართლობას, „დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და „მისცენ ხმა უხმოებს”.
“ანომიმების” მტკიცებით, მათი მიზანია, ებრძოლონ უსამართლობას, „დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და „მისცენ ხმა უხმოებს”.

Anonymous-ი პუტინს ახალ სიურპრიზებს ჰპირდება. 25 თებერვალს ჰაკერულმა მოძრაობამ რუსეთს კიბერომი გამოუცხადა. ერთი კვირის განმავლობაში გაითიშა მთავრობის და მისი მედიის საიტები, გამოქვეყნდა ბელარუსში ფსბ-ს აგენტების სია. კიდევ რა შეუძლია „ანონიმუსს“ და რამდენად „მტკივნეული” იქნება ეს კრემლისთვის?

იცით, რა აქვთ საერთო CIA-ს, საიენტოლოგიურ ეკლესიასა და რუსეთის კოსმოსურ სააგენტოს? სამივეს ვებგვერდი სხვადასხვა დროს Anonymous-მა გატეხა.

„რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ჯაშუშური სატელიტების გამოყენებას”, - დაწერა 2 მარტს ტვიტერზე ჰაკერების მოძრობა Anonymous-მა. უკვე მერვე დღეა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და მერვე დღეა, რაც გრძელდება „ანონიმუსის“ „კიბერომი” რუსეთის წინააღმდეგ.

ჰაკერები ამტკიცებენ, რომ მათი უკანასკნელი „მსხვერპლი” გახდა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს საიტი. საიტი ამ დროისთვის არ მუშაობს, მაგრამ სააგენტო ამტკიცებს, რომ სატელიტები მაინც მის ხელშია.

იქამდე „ანონიმუსები“ წერდნენ, რომ შეუტიეს მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის სამინისტროს საიტებსა და კრემლის მიერ კონტროლირებად მედიას. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიების ეთერში კი უკრაინის მხარდამჭერი შეტყობინებები გაავრცელეს.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების აზრით, რთულია იმის მტკიცება, რომ ყველა კიბერშეტევის მიღმა ნამდვილად Anonymous-ი დგას.

„მაგრამ ანონიმუსის კოლექტივს მსგავსი აქტივობების დიდი გამოცდილება აქვს და რაც მოხდა, ძალიან ჰგავს მათ ხელწერას“, - უთხრა გამოცემა The Guardian-ს კიბერუსაფრთხოების კონსულტანტმა ჯეიმი კოლიერმა.

“ულტრაკოორდინირებული დედისტ*ვნა”

მკვლევრები, რომლებიც სხვადასხვა დროს სწავლობდნენ მოძრაობას, წერენ, რომ მათ არ აქვთ შტაბბინა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არიან მიმოფანტული.

„ანონიმები“ აცხადებენ, რომ „ჰაკტივისტები” არიან, მათი მოძრაობის კარი კი ღიაა ყველასთვის, ვინც მათ იდეებს იზიარებს და ვისაც კოდის წერა (ანუ პროგრამირება) შეუძლია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელა კოულმანი 2015 წელს გამოცემულ წიგნში ჰყვება, რომ ყველაფერი დაიწყო 2008 წელს, როდესაც პოპულარული და ყოველგვარი ცენზურისგან თავისუფალი ვებგვერდის, 4chan-ის მომხმარებლები საიენტოლოგიურ ეკლესიას აუმხედრდნენ.

მათ DDoS შეტევით გაუთიშეს საიტი ეკლესიას და მთელი ამერიკის მასშტაბით მრავალათასიანი აქციები მოაწყვეს.

DDos შეტევისას საიტების სერვერებზე ერთდროულად ძალიან ბევრი მოთხოვნა იგზავნება, სერვერი დატვირთვას ვეღარ უძლებს და ითიშება.

„ანონიმები“ მიხვდნენ, რომ უკვე ბევრნი იყვნენ. საკუთარ სიმბოლოდ მე-16 საუკუნის ბრიტანელი რევოლუციონერის, გაი ფოქსის ნიღაბი აირჩიეს და, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა კოულმენს უამბო, გადაწყვიტეს, სხვებსაც მოუწყონ ხოლმე „ულტრაკოორდინირებული დედისტ*ვნა” (ultra-coordinated motherfuckery).

საკუთარ ქმედებებს დღემდე ასე მოიხსენიებენ და უკვე ათ წელიწადზე მეტია, მათი მთავარი სამიზნეა კორპორაციები და ხელისუფლებები. მოკლედ, ისინი, ვისაც ძალაუფლება აქვთ და ვინც, ჰაკტივისტების აზრით, ამ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ.

„ანონიმებს” მიაწერენ მსოფლიოს მთავრობებზე განხორციელებულ ათეულობით კიბერშეტევას. მათ გაუთიშავთ აშშ-ის, ავსტრალიის, ისრაელის, ეგვიპტის, ტუნისის, უგანდისა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო უწყებების საიტები. კორპორაციებს შორის კი „აზარალეს” PayPal-ი, MasterCard-ი, Visa და Sony.

მკვლევრები, რომლებიც „ანონიმების“ საქმიანობას წლების განმავლობაში სწავლობენ, აცხადებენ, რომ დაჯგუფებაში ბევრი არასრულწლოვანია.

შემდეგი ნაბიჯები

ერთ-ერთ ბოლო მუქარა, რომელიც ჰაკერებმა გააჟღერეს, რუსულ ბანკებს ეხებოდა. მათ მოუწოდეს მომხმარებლებს, გამოიტანონ თანხა ბანკიდან. თუ არადა, თქვენს თანხებს უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად გადავრიცხავთო.

გამოუვათ? უკრაინის ინტერნეტის დაცვის საზოგადოების წარმომადგენელს, მიხაილ კლიმარევს ამაში ეჭვი ეპარება.

„ამ განცხადებას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, ცოტა არ იყოს, ბავშვური და სასაცილოა. არცერთ „ანონიმუსს“ არ შეუძლია, საბანკო სისტემას მსგავსი რამ დამართოს“, - უთხრა მან ტელეკომპანია Current Time-ს.

თავად „ანონიმუსები“ განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანია ებრძოლონ კრემლის დეზინფორმაციას და ხელი შეუშალონ რუსეთის კიბერ- და ფიზიკურ თავდასხმას უკრაინაზე.

„მხოლოდ DDoS რეჟიმს ვერ ჩამოაგდებს”, - დაწერეს „ანონიმუსის“ გერმანელმა წევრებმა. მაგრამ „პუტინი, რომელიც ჰაკერების რაზმებს და ტროლების ჯარებს იყენებს დასავლეთის დემოკრატიების წინააღმდეგ, საკუთარ მწარე აბს გადაყლაპავს”.

მათივე განმარტებით, ჰაკტივისტების განზრახვაა, „რაც შეიძლება მეტი საქმე გაუჩინონ რუსეთის IT აპარატს და პუტინის ჰაკერული რაზმები დატვირთონ თავდაცვით, რათა მათ ვერაფერი დაუშავონ უკრაინასა და დასავლეთს”.

შესაძლოა, ეს გამოსდით კიდეც. ფაქტია, რუსი ჰაკერების შეტევები უკანასკნელ დღეებში თითქმის არ ჩანს. არადა, ომის დაწყებამდე ისინი გამუდმებით ესხმოდნენ თავს უკრაინის სამთავრობო საიტებს.

ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია დარწმუნებულია, რომ ჰაკტივისებს ნამდვილად შეუძლიათ, პრობლემები შეუქმნან როგორც კრემლს, ისე რუსეთის რიგით მოქალაქეებს.

„კიბერომი ძალიან დიდი იარაღია და უკრაინის ომის დროს ვნახეთ, რომ ბევრი ზარალის მოტანა შეუძლია რომელიმე მხარისთვის. მართალია, პირდაპირი გაგებით, არავინ კვდება, თუმცა კომუნიკაცია, კოორდინაცია, კავშირი, მოქმედებების შესრულება ძალიან რთულია თავდასხმის დროს, ან საერთოდ შეუძლებელი”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

რამდენიმე წლის წინ რუსმა ჰაკერებმა კიევი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს. თეორიულად, ეს შეუძლიათ „ანონიმებსაც“.

მაგრამ „ელექტროენერგიის გათიშვამ შეიძლება ბევრი ცუდი შედეგი გამოიღოს. ანუ რადგან რუსეთი "ცუდია", არ ნიშნავს რომ მის გარკვეულ სისტემებზე თავდასხმა კარგია”, - ამბობს ნინო გამისონია.

„ანონიმები“ მხოლოდ DDoS შეტევებს და მონაცემთა ბაზების გატეხვას არ სჯერდებიან. ტვიტერზე წერენ, რომ ომის მოწინააღმდეგეებმა აუცილებლად უნდა აჩვენონ რუსეთის მოქალაქეებს ის სიმართლე, რომელზე საუბარსაც მათ საკუთარი ხელისუფლება უკრძალავთ.

„გახსენით გუგლ მეპსი. გახსენით რუსეთი. გახსენით რესტორანი, ან ბიზნესი და დაუწერეთ რეცენზია. თქვენს რეცენზიაში განმარტეთ, რა ხდება უკრაინაში”.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG