Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 მარტს ზელენსკი თბილისს პირდაპირ ეთერში მიმართავს - ტელეკომპანია „ფორმულა"


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

ტელეკომპანია „ფორმულის" ცნობით, 4 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისს.

„ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!" - წერს ტელეარხი.

1 მარტს, უკრაინაში ომის დაწყების მეექვსე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.

28 თებერვალს საქართველოდან ვერ გაფრინდა მოხალისეთა ის ჯგუფი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინაში ჩასვლა და მეგობარი ქვეყნისთვის დახმარება სურდა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე", მათ შორის, ქართულ ენაზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომელშიც იმედს გამოთქვამდა, რომ ქართველ მოხალისეებს უკრაინაში ჩასვლა შეეძლებოდათ.

"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება", - დაწერა მან.

საქართველოსს მმართველი პაარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ელჩის გაწვევის შესახებ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება.

25 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ უერთდება ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს რუსეთის მიმართ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მის მიერ უკრაინაში წარმოებული საომარი ოპერაციის საპასუხოდ დააწესეს.

ღარიბაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილება "ქვეყნისა და მოსახლეობის ეროვნული ინტერესებით" ახსნა. ამასთან, თქვა, რომ უკრაინაში მისი "ჩასვლა - ჩასვლისთვის არაფრის მომცემია" და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, არათუ იგი, "მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში გაიმართა აქცია - "პასუხი რუსულ ოცნებას".

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ აქციებს გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენსკი. მან ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

XS
SM
MD
LG