Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ და ბაიდენმა ილაპარაკეს ხანძარზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მიეღო განახლებული ინფორმაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ.

თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სადგურის რაიონში სამხედრო მოქმედებები და ობიექტთან მიუშვას მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები. თეთრი სახლის ცნობითვე, ჯო ბაიდენი ინფორმაციის მისაღებად ესაუბრა აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჯილ ჰრუბისაც. თეთრი სახლის ოფიციალური შეტყობინება არ შეიცავს რაიმე დამატებით ინფორმაციას ამ საუბრების შესახებ.

სააგენტო AFP ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების ბოლო ინფორმაციით, რადიაციის დონე გაზრდილი არ არის, თუმცა, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 4 მარტს, კიევის დროით 04:00 საათის მდგომარეობით(თბილისის დროით 06:00 საათი), ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხანძარსაწინააღმდეგო მდგომარეობა ნორმაშია. სამსახურის თანახმად, იწვის სასწავლო-საწვრთნელი კომპლექსის ერთ-ერთი შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მის დანაყოფებს ოკუპანტები არ აძლევენ ხანძრის შედეგების ლიკვიდაციის შესაძლებლობას.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

1986 წლის აპრილში, უკრაინაში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიოაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსის და რუსეთის ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG