Accessibility links

site logo site logo

მეორე დღეა ჩაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა


ფოტო არქივიდან

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მეორე დღეა ჩაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს“-მა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ცნობის თანახმად, როკის გვირაბთან ზვავსაშიშროების გამო, რუსეთის ფედერაციასთან მიმოსვლა ხუთშაბათს, 3 მარტს შეწყდა.

„გზა გადაკეტილია შემდგომ განკარგულებამდე. ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე გუშინდლიდან გადაუღებლად თოვს. მთაში ამინდი ძალიან ცუდია“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. მათი თქმით, ზვავსაშიშროება მაღალია.

დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ გზის გახსნის პროგნოზი საიმედო არ არის და ეს ყველაფერი კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. დიდთოვლობის და ზვავების გამო ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი რუსეთისგან იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG