Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება უარყოფს რუსეთის მოქალაქეების "მასობრივ შემოსვლას" საქართველოში


ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში "მასობრივ შემოსვლასთან" დაკავშირებით.

„არანაირ მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს. ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია ისევ რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის კერძო მიმოსვლა. რაც შეეხება მთლიანად ამ თემას, ესეც გახლავთ ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა იმისთვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში, არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს, 4 მარტს და მოუწოდა მედიას, არ მოხდეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებაში შიშების გაღვივება.

"საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა 4 მარტს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ოპოზიცია დაადანაშაულა საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის მცდელობებში და თქვა, რომ პარლამენტი მუშაობს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებაზე.

ოფიციალური მონაცემები საზღვრის კვეთის სტატისტიკის შესახებ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუქვეყნებია.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact.ge საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 1-დან 4 მარტის ჩათვლით, 200-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ გააკეთა განაცხადი საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის შესახებ.

მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ პეტიციებზე, რომლებითაც რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებას მოითხოვენ.

რუსეთიდან მოქალაქეების გამოდინება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაწესებული მკაცრი სანქციებითა და ხელისუფლების მხრიდან ომის მოწინააღმდეგეთა დევნით არის განპირობებული.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG