Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ კანონის გამკაცრებას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე


"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველო არ დაუშვებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და პარლამენტი დაიწყებს მუშაობას ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებაზე. განცხადების ფონია უკრაინაში ომი და საქართველოში მოქალაქეების მღელვარება რუსეთის მოქალაქეების შესაძლო სტიქიური ჩამოსვლის გამო.

"ამჟამად უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ დათქმებს უწესებენ. არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

აქვე მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო რისკს, რაზეც ყურადღებას ამახვილებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გულწრფელად ღელავს ამ თემაზე, სრულად დააზღვევს საქართველოს ხელისუფლება", - თქვა ირაკლი კობახიძემ 4 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის განმარტებით, "დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს."

ირაკლი კობახიძემ დღესვე დააანონსა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც, მისი თქმით, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

დღეს, 4 მარტს, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით მიმართა პარტია "ლელომ." მან ასევე ხელისუფლებას მოსთხოვა, გაასაჯაროოს მონაცემები რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთისა და თავშესაფრის თხოვნის შესახებ.

ინტერნეტში გროვდება ასევე ხელმოწერები მოქალაქეების მიერ შექმნილ პეტიციებზე, რომლებიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ. პეტიციებს ათასობით ადამიანი აწერს ხელს.

რუსეთიდან მოქალაქეების გამოდინება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაწესებული მკაცრი სანქციებითა და ხელისუფლების მხრიდან ომის მოწინააღმდეგეთა დევნით არის განპირობებული.

საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.

XS
SM
MD
LG