Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლინახევრის კირილის სიცოცხლე შეეწირა რუსეთის ბრძოლას მარიუპოლისთვის. ტრაგედია AP-ს ჟურნალისტებმა აღბეჭდეს


 დაჭრილი 18 თვის კირილის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს ექიმებმა მარიუპოლის საავადმყოფოში.  
 დაჭრილი 18 თვის კირილის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს ექიმებმა მარიუპოლის საავადმყოფოში.  

"ასოშიეიტედ პრესის" ჟურნალისტები მარიუპოლის საავადმყოფოში ომის რეპორტაჟს ამზადებენ, როდესაც სასწრაფო დახმარების მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცი შემორბის. დაჭრილი ჩვილი გულზე ჰყავს მიკრული. 

ბავშვი ცისფერ, სისხლიან საბანშია გახვეული. სასოწარკვეთილი დედა მცირედ ჩამორჩა.

ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ წლინახევრის კირილის სიცოცხლე. ხელოვნური სუნთქვა, ელექტროშოკი - პატარას გული ვეღარ აამუშავეს.

ბავშვის მშობლებს - მარინას და ფედორს წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდათ თავს - ერთმანეთის მკლავებში ტირიან. იატაკზე ჩამუხლული, თავზარდაცემული მედპერსონალი ცდილობს გონების და ენერგიის მოკრებას - რუსული დაბომბვების შედეგად დაჭრილი სასწრაფოდ დასახმარებელი პაციენტები ყოველ წუთს შემოჰყავთ.

ეს ის საავადმყოფოა, სადაც რამდენიმე დღის წინ ვერც დაჭრილი 6 წლის გოგონას გადარჩენა მოხერხდა.

"აჩვენეთ ეს პუტინს!" - AP-ის ვიდეოჟურნალისტის კამერაში თქვა მაშინ განრისხებულმა ექიმმა.

აზოვის პორტის, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის, საავადმყოფო არ თბება, ხშირად არ მიეწოდება დენი. ექიმები მობილური ტელეფონების შუქზე ამოწმებენ შემოყვანილი პაციენტების ჭრილობებს.

მარიუპოლს 10 დღეა თავდადებით იცავენ უკრაინელები რუსეთის ჯარის სახმელეთო და საჰაერო შემოტევებისგან. თუ რუსები ქალაქს აიღებენ, უკრაინას უკეტავენ ზღვაზე გასასვლელს და სახმელეთო კავშირს დაამყარებენ ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმთან.

5 მარტს რუსეთს "დუმილის რეჟიმის" გამოცხადების პირობა ჰქონდა დადებული - უსაფრთხოების დერეფანი უნდა გაეხსნა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ალყაში მყოფ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად.

ევაკუაცია გადაიდო. რუსულმა მხარემ პირობა არ შეასრულა და განაგრძო როგორც მარიუპოლის, ისე მისი შემოგარენის დაბომბვა, - ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია. ცეცხლის გახსნა დაადასტურა რუსულმა მხარემაც.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) 7-8 მარტს იმსჯელებს უკრაინის სარჩელზე რუსეთის მხრიდან ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე. უკრაინის სარჩელს კიდევ 40-მდე ქვეყანაა შეერთებული, მათ შორის საქართველოც, რაც, ფიქრობენ, რომ გამოძიებისა და სასამართლოს პროცედურებს დააჩქარებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG