თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, პოლიციამ დააკავა პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები: ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა. დაკავების მიზეზი "კეტჩუპის" შეკვრა გახდა, რომლითაც ელენე ხოშტარია შეეცადა შეეღება კანცელარიის შესასვლელი. ის გუნდთან ერთად აპროტესტებდა საქართველოს მთავრობის წევრების მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან, ქართული პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანის შესახებ.
"იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და პირადად ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა, ბოროტების საყრდენი, თურმე საქართველოს რაღაც პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ქართულ სახელმწიფოს", - ელენე ხოშტარიამ კანცელარიასთან თქვა, რომ უღირსი მთავრობა არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობაც უღირსია და ცადა რუსული წარმოების კეტჩუპით შეეღება კანცელარიის შესასვლელი.
მთავრობის კანცელარიასთან განცხადების გაკეთებიდან 3 წუთში, პოლიციას "დროას" სამი წევრი მანქანებით გაყვანილი ჰყავდა ადგილიდან. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, სამივე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამართამდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელ 15 კომპანიას რუსულ ბაზარზე კარს უხსნიდა, 5 მარტს რუსულმა მედიამ სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით გაავრცელა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ მოლაპარაკებებს ამ მიმართულებით, თუმცა ამბობენ, რომ მუშაობა საქართველომ ამ მიმართულებით უკრაინაში ომის დაწყებამდე, 2020 წელს დაიწყო.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ომის დაწყების გამო მკაცრი სანქციების ქვეშაა. დასავლეთი მსჯელობს უკვე დაკისრებული სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების გზებზე. საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე აქვს პოზიცია, რომ არ უერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, არ აწესებს საკუთარ შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის და ამას "ეროვნული ინტერესებით" ხსნის.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 24 თებერვალს დაიწყო. მალევე დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის დაწყების გამო. რუსეთი ამ დრომდე თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ბომბავს ქალაქებს, საბავშვო ბაღებს და საავადმყოფოებს.