უკრაინას სურს რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ საინფორმაციო ტელემარათონის დროს.
„ჩვენს პრეზიდენტს არაფრის არ ეშინია, მით უმეტეს პუტინთან პირისპირ შეხვედრის. თუკი პუტინსაც არ ეშინია, დაე, მოვიდეს შეხვედრაზე, დაე, დასხდნენ და დაილაპარაკონ“, - თქვა კულებამ.
მან ასევე მიუთითა, რომ 10 მარტს ანტალიაში გეგმავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას.
მანამდე ზელენსკიმ არაერთხელ მიმართ პუტინს პირისპირ შეხვედრის შესახებ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, დასავლეთის სახელმწიფოებმა სერიოზული სანქციები დაუწესეს რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს.
დაწერეთ კომენტარი