Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს


დავით რაზმაძე
დავით რაზმაძე

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მან უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 45-მილიონიანი ქვეყანა რუსეთის დაჟანგულ არმიას წინააღმდეგობას უნდა უწევდეს.

„უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ რომ, როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია", - განაცხადა რაზმაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩიც გააკრიტიკა იმ მოწოდების გამო, რომელიც გორში სტალინის სახლ-მუზეუმის დახურვას ეხებოდა.

„პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია - ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც მაგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერაფერში", - განაცხადა რაზმაძემ.

პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა ერთ -ერთ შეხვედრაზე განაცხადა: “მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება, მესმის რომ რთულ სიტუაციაში ხართ - პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე ერთი სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.

XS
SM
MD
LG