Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი თავის "MIG-29" ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში განალაგებს


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც უკავშირდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესახებ.

განცხადებაში წერია, რომ პოლონეთის ხელისუფლება, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ, მზად არის თავისი ყველა "MIG-29"-ის ტიპის თვითმფრინავი „დაუყოვნებლივ და სასყიდლის გარეშე“განათავსოს გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე და გადასცეს ისინი აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ამავე დროს, პოლონეთი მოითხოვს აშშ-სგან, მიაწოდოს მას ნახმარი, მწყობრში მყოფი თვითმფრინავები. პოლონეთი მზად არის დაუყოვნებლივ განსაზღვროს ამ თვითმფრინავების შესყიდვის პირობები.

პოლონეთის მთავრობა მიმართავს ნატოელ მოკავშირეებს, მათ, ვისაც ასევე აქვთ "MIG-29"-ის ტიპის თვითმფრინავები, იმოქმედონ ვარშავის მსგავსად, წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 8 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 6 მარტს მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ აქტიურად განიხილავდა პოლონეთთან სამხედრო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის საკითხს. "შევისწავლით, როგორ შეძლებს პოლონეთი შეავსოს თავისი მარაგი, თუ თვითმფრინავები კიევს მიაწოდა“, - თქვა ბლინკენმა და დაადასტურა, რომ აშშ-ს არაფერი ექნებოდა საწინააღმდეგო, თუ უკრაინას ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც მიაწოდებენ საბრძოლო თვითმფრინავებს.

უკრაინას ჰყავს "МиГ-29" და "Су-25"-ის გამოცდილი მფრინავები, თუმცა არ აქვს "F-16"-ის ტიპის გამანადგურებლების გამოყენების გამოცდილება.

კიევი თვითმფრინავების გარდა, მოითხოვდა უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენისგან დახურული სივრცის შექმნას, რაზეც ნატოსგან უარი მიიღო, რადგან ალიანსი თვლის, რომ ეს რუსეთმა ომის გამოცხადებად შეიძლება მიიჩნიოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მარტს განაცხადა ისიც, რომ უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოების მიერ მათი აეროდრომების უკრაინის სამხედრო ავიაციის ბაზირებისთვის გამოყენება, განხილული იქნება როგორც ამ ქვეყნების კონფლიქტში ჩარევა. განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებასა და მათ განთავსებაზე უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის სამხედროები ამავე დროს აცხადებენ, რომ უკრაინის ავიაცია პრაქტიკულად განადგურებულია. დამოუკიდებლად ამ ცნობის შემოწმება შეუძლებელია. ზუსტად არის ცნობილი, რომ ომის დასაწყისიდან უკრაინამ, რომელსაც ათეულობით ერთეული საფრენი აპარატი ჰყავდა, რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი დაკარგა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. სახმელეთო ოპერაციასთან ერთად ციდან ბომბავს უკრაინის მსხვილ ქალაქებს. ომის დაწყებიდან მე-13 დღეს უკრაინიდან ლტოლვილების რაოდენობამ, გაეროს მონაცემებით, 2 მილიონ ადამიანს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG