Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტალიაში დაიწყო უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარეობს უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დმიტრო კულებას და სერგეი ლავროვის შეხვედრა. მასში მონაწილეობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

მანამდე ჩავუშოღლუმ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჯერ კულებასთან და შემდეგ ლავროვთან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 7 მარტს განაცხადა, რომ ანკარის დიდი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დათანხმდნენ ანტალიაში, დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შეხვედრას. თურქეთში გამგზავრებამდე დმიტრო კულებამ თქვა, რომ ლავროვთან შეხვედრისგან რაიმე განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდება.

ბოლო დღეებში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" შეწყდება, თუ უკრაინა დათანხმდება ნეიტრალურ სტატუსს, ყირიმს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად და ცნობს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობას". ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე უკრაინის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, ნეიტრალურ სტატუსზე მსჯელობის დაწყებაა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG