Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უსაფრთხოების ახალი გარანტიების განსახილველადაც მზადაა


უკრაინა მზადაა განიხილოს, ისეთივე უსაფრთხოების გარანტიების მიღების საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნებისა და მეზობლებისგან, რასაც ითვალიწინებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ანტალიაში განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკების შემდგომ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინის კონსტიტუცია ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და უსაფრთხოების იმ გარანტიების მიღებას ითვალისწინებს, რასაც ჩრდილოეთლანტიკური ხელშეკრულება სთავაზობს.

თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს არ მოხდება ახლო მომავალში. ჩვენ ასევე ვხედავთ ნატოს, როგორც ალიანსის, რეაქციას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისადმი, რომ ნატო არ არის კოლექტიური მოქმედებისთვის მზად, რათა შეაჩეროს ომი და დაიცვას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა. მან ორმხივ საფუძველზე დახმარების უფლებამოსილება წევრ სახელმწიფოებს მიანიჭა“,- განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის უსაფრთხოება ამჟამინდელ ვითარებასა და ნატოში შესაძლო გაწევრიანებამდე პერიოდში.

ჩემი კონსტიტუცია ამბობს ერთს და მე კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ რომ შეგვეძლოს შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვით ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიების მსგავსი სისტემა მიეწოდება უკრაინას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებიგან, მათ შორის რუსეთის, თურქეთის, ყველა ჩვენი მეზობლისგან - ეს არის ის, რის განსახილველადაც მზად ვართ“, - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინა ახლა „უსაფხთხოების ვაკუუმში იმყოფება“ და საჭიროა „კრეატიული აზროვნება“ უკრაინის უსაფრთხოების საკითხის გადასაწყვეტად.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაეროს მონაცემებით, 2 მილიონს მიაღწია ლტოლვილების რიცხვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG